რამდენი დაიხარჯება ახალ სტადიონზე, რომლის აშენებასაც "ოცნება" თბილისში გეგმავს?
"ქართული ოცნება" თბილისში უეფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის აშენება გეგმავს. შესაბამისი განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი ირაკლი კობახიძემ და ტენდერიც გამოცხადდა.
კორუფციის მკვლევარების თქმით, ბიუჯეტიდან სტადიონის ასაშენებლად, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება 876 მილიონი, ანუ ლამის ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება.
ოპოზიცია სვამს კითხვას, მაშინ როცა თბილისში ამდენი ინფრასტრუქუტურული პროექტია მოსაწესრიგებელი, უფასო სასადილოებთან კი ხალხის რიგები არ წყდება, რატომ იხარჯება ამდენი ფული ერთი სტადიონის ასაშენებლად.
"ქართული ოცნება" არღვევს კანონმდებლობას და ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ანუ, ის რაც ბიუჯეტის ფულით შენდება, ითვისებს "ქართული ოცნება", რომ ვითომ, პარტია აკეთებს. მეორე ის, რომ რამდენად საჭიროა და რამდენად პრიორიტეტულია დღეს ქვეყანაში ააშენო სტადიონი მაშინ, როდესაც ბევრი სოციალური პრობლემები გაქვს და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს თუ შევადარებთ, საერთოდ წყალი არ აქვს ქვეყანაში მუნიციპალიტეტებს. ხოლო, მესამე - ეს არის, აღნიშნული ტენდერი როდესაც ჩატარდება, გაირვევა, ვინ იქნება კომპანია და ვინ ააშენებს, მაგრამ "ოცნების" ბუნებიდან გამომდინარე არ ველით იმას, რომ ეს იქნება გამჭვირვალე ტენდერი. რა თქმა უნდა, ამ ტენდერსაც მისცემენ ისეთ კომპანიას, რომელიც არის მათთან აფილირებული და კომპანია, რომელიც "ქართულ ოცნებაში" მიიტანს ფულს", - აცხადებს კორუფციის ექსპერტი და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესო დონაძე.