ნინო კვიტაიშვილი: განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღისათვის 700 ათას ლარს თვითრეკლამაში ხარჯავს
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი აცხადებს, რომ განათლების ე.წ. სამინისტრო მასწავლებლის ეროვნული დღისათვის 700 ათას ლარს თვითრეკლამაში დახარჯავს, რომელიც გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე მოხდება. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მათი თქმით, ეს არის ცინიზმი მაშინ, როცა ასობით სკოლა შეშით თბება, ბავშვებს ინტერნეტი და საგანმანათლებლო რესურსები არ აქვთ, ხოლო მასწავლებლები მძიმე პირობებში მუშაობენ.
კოალიციაში კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება ხალხის საჭიროებებს უგულებელყოფს და პრიორიტეტად საკუთარ პიარს აყენებს.
„ჩვენ გვჭირდება ცვლილება, გამჭვირვალე და ადამიანზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, სადაც მთავარი არა თვითრეკლამა, არამედ მოსწავლე და მასწავლებელია,“ – განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.
განათლების ე.წ. სამინისტრო ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გეგმავს მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის კლიპების გადაღებას 700 ათას ლარად. ე.წ. სამინისტრო დაკავებულია თვითრეკლამით და ეს არის ძალიან დიდი ცინიზმი, მითუფრო, როცა უკავშირდება მასწავლებლებს და ჩვენ ვიცით, რომ დღეს მასწავლებელი ნინო დათაშვილი არის პოლიტპატიმარი.
ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლების სამინისტრო იგნორირებას უკეთებს ისეთ პრობლემებს, როგორიც არის, მაგალითად, ინფრასტრუქტურა. მაგალითად, დაახლოებით 500-მდე სკოლა დღესაც შეშით თბება, დღესაც ბავშვებს არ აქვთ სკოლაში ხელმისაწვდომი ინტერნეტი თუ საგანმანათლებლო რესურსები და ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სწორედ მასწავლებლების დდი შრომის საფუძველზე მიიღწევა ის შედეგები, რომლებიც გვაქვს.
ასეთი თანხა, ფაქტობრივად, არის შესაძლებლობა განათლების სამინისტროსთვის, რომ გააუმჯობესოს როგორც სკოლების ინფრასტრუქტურა, ისე მასწავლებლების სამუშაო პირობები. მაგრამ, მან გადაწყვიტა, რომ ყველა ამ პრობლემას გაუკეთოს იგნორირება და რეალურად, მიმართოს ცალსახა მანიპულაციას. ესაა ყლაბი ვიზუალური ეფექტის შექმნა და მის პრიორიტეტად ქცევა, როცა რეალობაში, ბავშვების, მასწავლებლების და სკოლების წინაშე გადაუჭრელი პრობლემები დგას. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ბავშვებს სკოლებში შიათ და მაგალიტად, სოცდაუცველი ბავშვების 45% საგაკვეთილო პროცესის დროს განიცდის შიმშილს.
ეს 700 ათასი ლარი, რომელიც განიზრახა თვითრეკლამისთვის დახარჯოს განათლების სამინისტრომ ანუ "ქართულმა ოცნებამ", და ის ხალხის ფულს ანიავებს, ტოვებს ამავდროულად, ძალიან სერიოზული კორუფციული გარიგების ეჭვსაც, რადგან შერჩეული კომპანია ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის გზით გააფორმებს ხელშეკრულებას.
ფაქტია, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ პრიორიტეტად კვლავ დაისახა არა ხალხის საჭიროებები, არამედ პირადი.
ჩვენ გვჭირდება ცვლილება, ჩვენ გვჭრდება ოლიგარქიული ხელისუფლებისგან გათავისუფლება და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს გამჭვირვალე, ადამიანზე ორიენტირებული და რაც მთავარია, პასუხისმგებლიანი. მიზანი უნდა იყოს არა თვითპიარი, თვითრეკლამა, არამედ მოსწავლე, მასწავლებელი და განათლების სექტორის საჭიროებები, - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.