ФСБ-ს ბრალდება საქართველოს - ოფიციალური უწყება ამ დრომდე დუმს
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ბრალდებებიდან 24 საათი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე, ოფიციალური თბილისის პასუხი ბრალდებებთან დაკავშირებით არ გვინახავს. არც საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც საზღვრის კონტროლი აბარია, არ ამბობს, ნამდვილად მოხვდა თუ არა ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში. არადა რუსული ФСБ ამტკიცებს, რომ უკრაინამ საქართველოს ტერიტორია გამოიყენა და ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით ყირიმის ხიდის აფეთქების მიზნით ბომბები შეიტანა. მტკიცებულება, რომ საქართველოს საზღვარზე ბომბით დატვირთული ავტომობილი აღმოაჩინეს, არ არსებოს.
რუსული სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც ФСБ-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირი უკრაინის ბრალეულობას ადასტურებს, დამუშავებულია. უშიშროების ფედერალური სამსახური ამტკიცებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა შევროლეტ ვოლტის მარკის ავტომობილში იყო მოთავსებული და რუსეთში უკრაინიდან ჩავიდა საქართველოს გავლით. ФСБ-ს ვერსიის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ, მანქანა შემდგომში სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცათ, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის შესახებ არაფერი უნდა სცოდნოდა და ყირიმის ხიდის გავლით ყირიმში ჩასვლისას უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად ქცეულიყო. ეს კრემლის ერთადერთი პროვოკაცია არ არის - ამბობენ უსაფრთხოების სპეციალისტები და ამტკიცებენ, რომ ამ განცხადების მიღმა კრემლის ღრმა ინტერესები იკვეთება.
ერთადერთი კომენტარი, ისიც ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ გააკეთა. "ქართული ოცნების" წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა საზღვარზე რაღაც გაპარულიყო. მიუხედავად ამ განცხადებისა, "ოცნების" გუნდი მოსკოვთან ღია დაპირისპირებაში არ შედის და გადაჭრით არ უარყოფს, რომ შესაძლოა საქართველო ასაფეთქებელი მოწყობილობების გამტარი იყო.