ვინ დააკვირდება არჩევნებს? - "ოცნებაში" არ იციან მოიწვევენ თუ არა ეუთო/ოდირს ქვეყანაში
დააკვირდება თუ არა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია არჩევნებს "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი ჯერ ისევ არ აქვს - არ იციან, მოიწვევენ თუ არა არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიას. მამუკა მდინარაძემ არც ის დამალა, რომ ეუთოს დასკვნას მისი პარტიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
დარჩება თუ არა არჩევნები გავლენიანი სადამკვირვებლო მისიების მიღმა? - მდინარაძეს არ დაუმალავს, რომ თუ არჩევნების დაკვირვებაში წლების სტაჟის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, "ქართული ოცნების" მიღებულ კანონებს არ დაემორჩილებიან, ისინი საარჩევნო უბნებს მიღმა დარჩებიან.
"ქართული ოცნების" დამოკიდებულება ეუთო/ოდირის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სიგნალია, თუ რა მიზანი ამოძრავებს ივანიშვილის გუნდს - თვლიან, რომ "ოცნება" საარჩევნო დარღვევების სააშკარაოზე გამოტანას ერიდება.
ვინ დააკვირდება არჩევნებს? - ეუთო/ოდირის ბედი ჯერ გაურკვეველია, თუმცა ცესკო-ს საიტზე არც ქართული სადამკვირვებლო მისიები არიან დარეგისტრირებულები - ის ორგანიზაციები, ვისაც ცესკო არეგისტრირებს ფასდებიან გონგოებად, ანუ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ ორგანიზაციებად, ვინც მითითებებს სწორედ პარტიიდან იღებენ და არჩევნების დაკვირვების ნაცვლად, საარჩევნო უბნებზე სულ სხვა საქმით არიან დაკავებულები.