"მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს თბილისში, რომ დაფიქრდნენ" - ლაგოდინსკი უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბრობს

19.08.25 11:36
"მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს თბილისში, რომ დაფიქრდნენ" - ლაგოდინსკი უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბრობს

 

 

"მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს თბილისში, რომ დაფიქრდნენ" - გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბრობს.

"პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ევროპელი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ სირცხვილი და უპატივცემულობაა "ქართული ოცნების" წევრების განცხადებები ევროპელ ლიდერებზე და ასევე ფიქრობს, რომ "დიფ სთეითზე ლაპარაკი ურთიერთობების დონეს არ შეესაბამება".

"ჩვენ ამ დრომდე ვცდილობთ შევინარჩუნოთ საქართველოსთან მეგობრობა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არსებული ვითარება თავიდან ბოლომდე შექმნა ქართულმა ოცნებამ" - აცხადებს ლაგოდინსკი და აღნიშნავს, რომ "რაღაც დიდი იცვლება და ეს ცვლილებები სასიკეთო არაა".

მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ გააკეთა განცხადება, რომელიც გვაძლევს სიგნალს, რომ მათი მხრიდან მზაობა არ არსებობს რაიმე კონსტრუქციულ დისკუსიაში ჩართვის. არ ვფიქრობ,რომ ეს ბრძნული პოზიციაა, რადგან ვფიქრობ რომ დიფ სთეითზე ლაპარაკი ჩვენი ურთიერთობების დონეს არ შეესაბამება და ასევე ვფიქრობ, რომ დიდი შეცდომაა მხოლოდ ევროკავშირის მოქმედ მაღალჩინოსნებზე საუბარი, როდესაც 27-ს მინუს ერთი ქვეყანა არის ძალიან მკაფიო საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას. ვფიქრობ, ისიც არასწორია, თუ როგორ იხსენიებენ და საუბრობენ ქართული ოცნების წევრები ევროპელ ლიდერებზე, არ ვფიქრობ რომ ეს ბრძნული საქციელია, ან დიპლომატიასთან რაიმე კავშირი ... რასაც ახლა ვხედავთ, ესაა სირცხვილი და უპატივცემულობა. მე არასდროს არაფერი გამიგია დიფ სთეითის შესახებ, არ ვიცი ეს რა არის, ვიცი რომ ტრამპი ახსენებს ხოლმე ამ ტერმინს,მაგრამ ჩვენ ევროპაში ასე არ ვესაუბრებით ერთმანეთს. მე მოვუწოდებდი ჩვენს პარტნიორებს თბილისში რომ დაფიქრდნენ ამაზე.

როგორც გითხარით ევროპარლამენტის პოზიციაა რომ უმჯობესია პერსონალური სანქციების დაწესება. თუმცა ფაქტი რომ ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა, სისუსტის ნიშანი არ მგონია. ჩემი აზრით, ეს არის სიბრძნის და სწორი სტრატეგიული გათვლების ნიშანი. ჩვენ ამ დრომდე ვცდილობთ შევინარჩუნოთ საქართველოსთან მეგობრობა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არსებული ვითარება თავიდან ბოლომდე შექმნა ქართულმა ოცნებამ. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუ პროცესები ისევ ასე გაგრძელდება როგორც არის, მაშინ წევრ ქვეყნებს, მაგალითად ჩემ ქვეყანას, გერმანიას სხვა გზა აღარ ექნება. მინდა რომ აგვისტოს ბოლომდე შემხვედრი ნაბიჯები ვიხილო სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების ნაცვლად.

სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს ქართული ოცნების განცხადებები, მაგალითად პოლიტიკური საბჭოს განცხადება რომელიც თავიდან ბოლომდე გროტესკულია. სიმართლე გითხრათ რომ წავიკითხე ჩემ თავს ვკითხე - სად ვართ ? ჩვენ პოლიტიკას ვაკეთებთ თუ ეს რაღაც საბავშვო ბაღია. არ შეიძლება თან ამბობდე რომ ევროპა სუსტია, მათ ბერკეტები არ გააჩნიათ და როგორც კი ევროპა დაიწყებს მისი ბერკეტების გამოყენებას შენ დაიწყო შეტევა, რომ ეს არაა სწორი და შენ ჩვენს მოქალაქეებს სჯი. რაღაც უნდა მოხდეს და პროცესების იმ განვითარებამ რაც ჩვენ ვნახეთ მეც კი ამალაპარაკა უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ რაღაც დიდი იცვლება და ეს ცვლილებები სასიკეთო არაა", - აცხადებს ლაგოდინსკი. 

მსგავსი სიახლეები