ხიდაშელი: საქართველოს სჭირდება EU, საქართველოს სჭირდება NATO. გადარჩენის გზა NATO-ში და EU-ში გაწევრიანებაზე გადის
თავდაცვის ყოფილი მინისტრის და "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს სჭირდება გადარჩენა და ეს გადარჩენის გზა NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადის.
თინა ხიდაშელი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც ამ გზის დამოკლებას არ ცდილობს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მტერია, შესაბამისად "ქართული ოცნება' არის მტერი.
საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, საქართველოს სჭირდება NATO. საქართველოს სჭირდება გადარჩენა ამ მტრულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ და გადარჩენის გზა გადის მხოლოდ NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
ამიტომ დიახ, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს გზა დამოკლდეს და რაც შეიძლება სწრაფად შევასწროთ, სანამ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი კიდევ უფრო მეტად გაგიჟებულა.
ამიტომ საკითხი მარტივად დგას, ხელისუფალი, რომელიც ამ გზის დამოკლებისთვის არ მუშაობს არის მტერი ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის. "ქართული ოცნება" არის მტერი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის. იმიტომ კი არა, რომ მე და თქვენ ზუსტად ვიცით და სატელეფონო ჩანაწერი გვაქვს კრემლში რომელ ოთახთან არიან შნურით მიერთებული - არა. იმიტომ, ზუსტად, რომ 2025 წლის აგვისტოში იმაზე ვმსჯელობთ 5 დღის შემდეგ რა მოხდება, ბრიუსელი 31 აგვისტოს დათქმულ ვადას უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე გამოიყენებს, თუ კიდევ მოგვცემს ერთ შანსს. ეს არის მტრობა ქართული სახელმწიფოებრიობის.
ბოლო ნაბიჯი, ამ გზაზე, არის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.