ივანიშვილის გუნდს 2 კვირაში ვადა ეწურება - ოპოზიციის თქმით, "ოცნებას" ევროკომისიის არცერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია
"ქართულ ოცნებას" დაახლოებით 2 კვირაში, 31 აგვისტოს ვადა ეწურება, რომელიც ევროკომისიამ ივანიშვილის გუნდს პირობების შესასრულებლად მისცა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ოცნებას" ევროკომისიის არცერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია და არც აპირებს.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "იმის დაკარგვის რისკიც გვაქვს, რაც ისტორიულად შეგვიქმნია".
მისი თქმით, "ქართული ოცნება" არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც "უროთი დალეწა ყველა ის პატარა მარცვალი, რაც ამ ისტორიულ პროცესში, შენების გზაზე, სხვადასხვა ხელისუფლებამ ერთობლივად დადო".
31 აგვისტო მოდის, ძალიან ჩქარი ტემპით და "ქართულ ოცნებას" არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რო თუნდაც ფორმალურად ეთქვა ევროპული კავშირისთვის, რომ ის აპირებს საქართველოს ევროპული კურსის და ამ გეზის დაცვას.
ამ ყველაფრის შედეგი, რა თქმა უნდა, იქნება ის, რომ ჩვენ დავკარგავთ ყველა იმ მონაპოვარს, რაც გვქონდა ისტორიულად და რა თქმა უნდა, ვერ შევიძენთ ვერაფერ ახალს. არათუ ახალს ვეღარ ვქმნით, იმის დაკარგვის რისკიც გვაქვს, რაც ისტორიულად შეგვიქმნია და ეს არის "ქართული ოცნების" მემკვიდრეობა. ამ ქვეყნის ყველა ხელისუფლებამ გარკვეული აგური დადო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც არათუ აგური არ დადო, არამედ უროთი დალეწა ყველა ის პატარა მარცვალი, რაც ამ ისტორიულ პროცესში, შენების გზაზე, სხვადასხვა ხელისუფლებამ ერთობლივად, ჯამურად დადო," - განაცხადა გეგელიამ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, თავისუფალი მიმოსვლის შეჩერების პროცედურა, სავარაუდოდ, 31 აგვისტოდან დაიწყება და გაგრძელდება დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" შეუძლია შეაჩეროს პროცესი, რომელიც ევროკავშირმა დაიწყო.
ეს ოთხი პირობა, თუ არ სრულდება და ამაზე ანგარიშს ვერ წარადგენს "ქართული ოცნება" 31 აგვისტომდე, ევროკავშირი გადავა უკვე შემდეგ ეტაპზე, შემდეგი ეტაპი არის უკვე, უშუალოდ, ვიზების შეჩერების, თავისუფალი მიმოსვლის შეჩერების პროცედურა დაიწყოს. პროცედურა დაიწყება ზუსტად 31 აგვისტოდან და გაგრძელდება დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე, როდესაც არის დაგეგმილი ევროკავშირის ქვეყნების მინისტერიალი, გაფართოების საკითხებზე და სწორედ იქ დადგება საკითხი ვიზების შეჩერების.
ამიტომ "ქართულ ოცნებაზე" დგას ყველაფერი, "ქართულ ოცნებას" შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი, რაც ევროკავშირმა დაიწყო.
"ქართულ ოცნებას" არანაირი სურვილი არ აქვს ეს პირობები შეასრულოს. არამცთუ 31 აგვისტომდე, საერთოდ არ აქვს," - განაცხადა ბუტიკაშვილმა.
ევროკავშირმა 2025 წლის ივლისში საქართველო ოფიციალურად გააფრთხილა, რომ თუ ქვეყანა არ შეასრულებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, შეიძლება ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერის მექანიზმი.
ამ ეტაპზე პროცესის საბოლოო შეფასება დაგეგმილია 2025 წლის ოქტომბერში, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ფორმალურად შეიკრიბებიან და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.