"ველოდებით ამერიკულ მხარეს" - კობახიძე ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ისევ არ ელაპარაკება
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და სუფთა ფურცლიდან დაწყება სურს, თუმცა აღიარებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ისევ არ ელაპარაკება.
"ველოდებით ამერიკულ მხარეს" - აცხადებს "ოცნების პრემიერი.
ამასთან, კობახიძე საუბრობს დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ წერილზე და ირწმუნება, რომ ის „სალანძღავი შინაარსის“ არ იყო.
„ჩვენ მისგან [რობინ დანიგანისგან] არაერთი ტყუილი გვახსოვს. როგორც წინა, ისე იმის წინა ელჩისგან გვახსოვს არაერთი ტყუილი, უმძიმესი სიცრუეც, ბევრ თემასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ასეთი ტყუილები არავის არ უკვირს. ჩვენ საჯარო წერილი გამოვაქვეყნეთ, ასევე გავაგზავნეთ დახურული წერილიც. დახურული წერილი იმიტომ იყო დახურული, რომ უნდა ყოფილიყო დახურული, იქ სხვა თემებზე იყო საუბარი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ საჯაროდ არ გვინდოდა გვესაუბრა, ამიტომ იყო დახურული.
საჯარო წერილი ცნობილია, მასში საერთო სულისკვეთება იყო ასახული, ასევე დახურულ წერილშიც. საერთო სულისკვეთება არის ის, რომ ჩვენ გვინდა აშშ-თან სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. გვინდა, რომ განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც აისახება ორმხრივი სარგებელი ორივე ქვეყნისათვის.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჯანსაღი დამოკიდებულება იქნება და განახლდება სტრატეგიული პარტნიორობა, ჯანსაღი ფორმით, ეს არის ჩვენი სურვილი, ველოდებით ამერიკულ მხარეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა რობინ ელჩმა დანიგანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპის ადმინისტრაციას არასაჯარო წერილი გაუგზავნა, რომელიც იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში“.
რობინ დანიგანმა ამავე ინტერვიუში თქვა, რომ ამის შემდეგ მას სრუდა პირადად შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს, რათა გადაეცა წერილის პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.