კობახიძეს ევროკავშირის ტენდენციები არ მოსწონს - რა თქვა "ოცნების" ლიდერმა EU ში გაწევრიანებაზე
ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის ტენდენციები არ მოსწონს და მის "ფერისცვალებას" ელოდება - დღეს ბახმაროში მყოფმა "ოცნების" პრემიერმა თქვა, რომ საქართველო 2030 წლისთვის მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა იქვე დააყოლა - "მთავარია, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები".
კობახიძე დღეს ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირში მიმდინარე ტენდენციები შემაშფოთებელია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, სიმართლესთან. სამწუხაროდ, დღეს განსხვავებული ვითარებაა, გამომდინარე ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებიდან. დიდი იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში.
იცით, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია. გაცხადებული გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90%-ზე მეტს შევასრულებთ, 2030 წლისთვის მზად ვიქნებით თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მთავარია, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები. დღეს ტენდენციები შემაშფოთებელია, ადამიანის უფლების, დემოკრატიის კუთხით, ყველა მიმართულებით უკუსვლაა ევროკავშირის მასშტაბით. იმედი გვაქვს, ვიდრე ჩვენ 2030 წელს მზად ვიქნებით ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ევროკავშირში ეს ტენდენციები შეიცვლება“, - აღნიშნა პრემიერმა.