ორი ოპოზიციური კოალიცია არჩევნებში, ნაწილი ბოიკოტში - „ოცნებას“ გამარჯვების საკუთარი ფორმულა აქვს
ორი პარტიის ერთობლივმა კამპანიამ დედაქალაქში სტარტი აიღო. „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდების საერთო კანდიდატი თბილისის მერობისთვის ირაკლი კუპრაძე იქნება. გაერთიანების განცხადებით, მათი მიზანი მხოლოდ დედაქალაქში გამარჯვება არ არის - ადგილობრივ არჩევნებს ისინი ხელისუფლების იძულების გზად მიიჩნევენ, რომ ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.
კუპრაძის თქმით, ოპოზიციას აქვს შანსი და მისი გამოყენება ყველა იმ მოქალაქის მოვალეობაა, ვინც ცვლილებებს ემხრობა. კანდიდატი ამბობს, რომ მთავარი ამოცანა იქნება ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაცია.
ოპოზიცია იხსენებს, რომ საპარლამენტო არჩევნებმა თბილისში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე ოპოზიციური განწყობები აჩვენა, თუმცა მას შემდეგ ვითარება შეიცვალა. ორი მსხვილი ოპოზიციური ძალა პროცესს ბოიკოტს უცხადებს და არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციად აფასებს, რის გამოც ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მმართველ გუნდთან თანამშრომლობის ტოლფასია.
ამ ფონზე ირაკლი კობახიძემ საკუთარი პროგნოზიც გაამჟღავნა: მისი გათვლებით, „ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოში 38 მანდატი ექნება, ხოლო კახა კალაძე კონკურენტს პირველივე ტურში დაამარცხებს. რას ეფუძნება ეს მოლოდინი ოპოზიციურად განწყობილ დედაქალაქში - მმართველი პარტიის ლიდერს არ დაუზუსტებია.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.