საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევებას ითხოვს
გაფრთხილება ევროსაბჭოპდან - საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი 24 ქვეყნიდან საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვას ითხოვს. მათ კომიტეტს შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართეს.
- დეპუტატები ავრცელებენ წერილობით დეკლარაციას - “ავტოკრატიული უკუსვლა საქართველოში”, სადაც ავტოკრატიის მტკიცებულებად დასახელებულია ოპოზიციის განადგურების კამპანია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება და პოლიტიკური პატიმრობები/დევნები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 29 იანვარს, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოხდა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება იმ პირობით, რომ საქართველო 2025 წლის აპრილისთვის დააკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გაათავისუფლებდა პოლიტიკურ პატიმრებს და გამოაცხადებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს გაუმჯობესებული საარჩევნო პირობებში.
დეკლარაციაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, დეპუტატები არსებითი საფუძვლით გაასაჩივრებენ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას და მოუწოდებენ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გარიცხვის პროცესი.
- ევროსაბჭოდან ქვეყნის გაძევებას არეგულირებს ევროსაბჭოს წესდების მერვე პუნქტი. პროცედურას იწყებს მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც უკვე გადაეგზავნა აღნიშნული დეკლარაცია და იმისთვის რომ ქვეყანას დაატოვებინონ ევროსაბჭო, აუცილებელია მინისტრთა კაბინეტის 2/3-ის თანხმობა. დღედღეობით ევროსაბჭოში 46 სახელმწიფოა და იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სისრულეში მოვიდეს, მხოლოდ 31 ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
რა წერია დოკუმენტში:
ამის ნაცვლად, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ოპოზიციის მაღალი რანგის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ დევნას განიცდიან. ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტების სერია, არამედ დემოკრატიული ოპოზიციის აღმოფხვრის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ მიმართული ხანგრძლივი კამპანია. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ ცალმხრივად დატოვა ასამბლეა. რეპრესიებისა და ჩაურევლობის ეს გზა არღვევს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ასამბლეის უფლებამოსილებას. ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები. წევრი სახელმწიფოს შიგნით, ავტორიტარული უკუქცევის იგნორირება ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის საფუძველს. თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გარიცხვის პროცესი ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლში მითითებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევების გამო", - წერია დოკუმენტში.