არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, კალაძე ამბობს, რომ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება

20.08.25 11:41
არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, კალაძე ამბობს, რომ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება

არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა დაიწყება. როგორც თბილისის მერი ამბობს, დტენდერი ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე დღეს გამოცხადდება. 

კახა კალაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზი, დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.

"ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ ტრამვაის ხაზი 7,5-კილომეტრიანი იქნება და 11 გაჩერებას მოიცავს.

„საქმე ეხება თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევაზე ტენდერი. გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი. დიდი დიღმის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით, საჭიროა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების შექმნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური არის ტრამვაი. იგი, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ყველაზე მეტად გამტარუნარიანია. იგი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და გრძელვადიან პერიოდში სხვა მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტის სახეობებს შორის გაცილებით ხარჯთეფექტურია.

ტრამვაი დიღმის დასახლებაში გაზრდილი მგზავრთნაკადის უსაფრთხო, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, შეამსუბუქებს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე დატვირთვას, განტვირთავს საცობებს, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ტრამვაი ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში. შეიქმნება ერთიანი, მოქნილი, კომფორტული და მდგრადი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებს მოერგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები