პაპუაშვილი და კობახიძე ევროკავშირის წინააღმდეგ - "ოცნების" ლიდერების იდენტური განცხადებები
ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წინააღმდეგ - დღეს "ოცნების პრემიერი მედიასთან ამტკიცებდა, რომ "ევროპის მასშტაბით სუვერენიტეტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა".
კობახიძე ირწმუნება, რომ "ევროპული ბიუროკრატია გარე გავლენებით იმართება".
"ოცნების" ლიდერი კვლავ იგივე რიტორიკას იმეორებს და ამტკიცებს, რომ "ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ საკუთარი ღირებულებების დათმობას გვიყენებენ".
„სამწუხაროდ განვითარდა მოვლენები ევროპის კონტინენტზე. ევროკავშირს სერიოზული ზიანი მიაყენა. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დაეცვა ევროპის ობიექტური ინტერესები. ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი, ის რომ ევროპული ბიუროკრატია სამწუხაროდ არსებითად იმართება გარე გავლენებით. შესაბამისად, მათ უჭირთ ობიექტურ ინტერესებზე დაფუძნებით გადაწყვეტილების მიღება. ეს არის მთავარი პრობლემა, სუვერენიტეტის დეფიციტი. სუვერენიტეტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა ევროპის მასშტაბით. რამდენიმე სახელმწიფო შემოგვრჩა ევროკავშირის მასშტაბით ისეთი, რომელიც მტკიცედ იცავს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების დათმობას, ან მშვიდობის დათმობას, ამ შემთხვევაში, არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე, ეს არის არასწორი დილემა. ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით, ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებით. აქ პრინციპებს ვერ გადავუხვევთ“,-აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძემდე კი, დღეს დილით იყო შალვა პაპუაშვილის განცხადება - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს".
მისივე განცხადებით, "ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს".
„ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი.
თუმცა, სანამ მიზანთან მიხვალ, ჯერ არის გზა. უსაფრთხო ნავსაყუდელის კოორდინატების ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუ მისკენ მიმავალ გზაზე გემიც და მგზავრებიც ქარიშხალში მოაყოლე. წინადახედულობამ და არა სულსწრაფომაბ გამოგვატარა ქართველ ხალხს ათასწლეულები.
დღევანდელ შეშლილ სამყაროში, ჩვენი მთავარი საზრუნავიც ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს.
ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. იყო მშვიდობის პროექტი, ნიშნავს იყო პასუხისმგებლიანი ძალა. ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა.
ევროკავშირის საელჩოს მიერ წამოწყებული ბევრჯერ გატკეპნილი პროპაგანდისტული კამპანია, მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი ვერ ან არ ხვდებიან, თუ რა არის ქართველი ხალხის მთავარი საფიქრალი და რა არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ქარიშხალში შეყვანა.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ავხსნი. თუ გინდა, რომ იყო მშვიდობის პროექტი:
გაგანია ომისას, არ უნდა მოითხოვო სამომგამოვლილი ქვეყნისგან რუსეთთან ესკალაცია, რაც ბრიუსელმა გააკეთა,
არ უნდა დააფინანსო ექსტრემიზმი, რაც ბრიუსელმა გააკეთა,
არ უნდა ჩაერიო არჩევნებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა,
არ უნდა დასწამო ქვეყანას ცილი, რაც ბრიუსელმა გააკეთა,
არ უნდა აფათურო, უშნოდ, ხელები ქართველების ათასწლეულებგამოვლილ ღირებულებებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა.
თითქოს რა მარტივია სათქმელად და რა რთული ყოფილა გასაკეთებლად, იმიტომ რომ ამას პროპაგანისტულად დახატული ევროპელობა არ ჰყოფნის, ჭეშმარიტი ევროპელობა სჭირდება, ანუ კეთილგონიერება, სამართლიანობა, სიმტკიცე და თავშეკავება.
ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს 75 წლის წინათ გააჩნდათ,” - წერს პაპუაშვილი.