ისტორიაში პირველად, საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვით ემუქრებიან - რა წერია დეკლარაციაში, რომელსაც 51 დეპუტატი აწერს ხელს
დოკუმენტი, რომელსაც 51 ევროპელი პოლიტიკოსი აწერს ხელს, "ქართული ოცნებისთვის" ნამდვილი პოლიტიკური განაჩენია. პირველად, საქართველოს ისტორიაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღის წესრიგში ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის საკითხი დააყენა. ეს მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ასამბლეამ ნათლად დაინახა, რომ "ოცნების" ავტოკრატიული გზა პროგრესირებს და გრძელდება ლუკაშენკოს სტილის რეპრესიები. ამიტომ, 25 წლის შემდეგ პირველად საპარლამენტო ასამბლეამ ივანიშვილის პოლიტიკის გამო ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვა მოითხოვა.
ავტოკრატიული უკუსვლა საქართველოში - ამ სათაურით დეკლარაცია მინისტრთა კომიტეტს გადაეგზავნება. საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის ინიციატივას ხელს 51 დეპუტატი აწერს, ევროპის 24 ქვეყნიდან. ევროპის 4 უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფი დასაბუთებაში წერს, რომ "ოცნებამ" ევროსაბჭოს წესდების 3 მუხლი დაარღვია, გრძელდება ოპოზიციის განადგურების კამპანია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება და პოლიტიკური პატიმრების დევნა. 29 იანვრის რეზოლუციის არცერთი რეკომენდაცია არ შესრულებულა, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას გულისხმობდა.
ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის პროცედურა მინისტრთა კაბინეტმა უნდა დაიწყოს. თანხმობას კი 46 დან 31 სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ევროპელი დეპუტატები "ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ, თუ ავტორიტარული კურსის ცვლილებას ვერ დაინახავენ, დღის წესრიგში დადგეს საქართველოს გარიცხვის საკითხი. მამუკა ჟღენტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ევროსაბჭოს წარმომადგენელი იყო ამბობს, რომ დღეს საქართველო იმ გზას ადგას, რაც წლების წინ რუსეთმა გაიარა.