"ბოტოქსებიანმა აფერისტმა, მექრთამე კალაძემ გუშინ დიდ დიღმელებს შეურაცხყოფა მიაყენა" - ალეკო ელისაშვილი
"ბოტოქსებიანმა აფერისტმა, მექრთამე კალაძემ გუშინ დიდ დიღმელებს შეურაცხყოფა მიაყენა"- ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დიდი დიღომში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და კალაძის მიერ დაანონსებულ ტრამვაის პროექტზე ისაუბრა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, 12 წელია, რაც "ქართული ოცნება" მართავს თბილისს" და როდესაც ის 2014 წელს, თბილისის საკრებულოში დიდი დიღმიდან დიდუბის მეტრომდე ტრამვაის ხაზის გაყვანაზე საუბრობდა, კახა კალაძე ეუბნებოდა, რომ ძალიან ძვირი დაჯდებოდა და შეუძლებელი იყო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ტრამვაის ხაზზე კალაძემ 2022 წელსაც ისაუბრა, თუმცა სამი წლის შემდეგ კვლავ არაფერია გაკეთებული - "არჩევნებამდე რჩება თვენახევარი და ეს უტიფარი, ეს ბოტოქსებიანი აფერისტი გამოდის და ამბობს, ახლა ვაცხადებ ტენდერსო" - ამბობს ელისაშვილი.
ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ იმ შეურაცხყოფას, რომელიც მექრთამე კალაძემ გუშინ მიაყენა დიდ დიღმელებს. თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული და მექრთამე კალაძე, ასეთი მექრთამე ხელმძღვანელი, ასეთი თაღლითი და აფერისტი არ ყოლია ჩვენ ქალაქს.
გუშინ გამოვიდა კალაძე და თქვა, რომ ტენდერს ვაცხადებო ტრამვაის მშენებლობაზე დიდი დიღმიდან დიდუბის მეტრომდეო, ტენდერს ვაცხადებო, თვენახევარია არჩევნებამდე დარჩენილი, მერობის თვენახევარი აქვს დარჩენილი კალაძეს, არადა 8 წელია მერია, 8 წელია
ხელმძღვანელობს ამ ქალაქს, მანამდე 4 წელი ის ბოთე ნარმანია იყო, 12 წელია ქალაქს მართავს "ქართული ოცნება" და ახლა გაახსენდათ თურმე, რომ ტრამვაია დიდი დიღმიდან საჭირო დიდუბის მეტრომდე.
2014 წელს რომ თბილისის საკრებულოში ფეხი შევდგი, მას შემდეგ არ შემიწყვეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ტრამვაი სჭირდება ქალაქს, სხვანაირად ჩვენ საცობებს ვერ მოვერევით და გვქონდა სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა. საკრებულოში სხდომა არ იყო, რომ არ მელაპარაკა და ზუსტად ამ ხაზზე ვლაპარაკობდი პირველ რიგში. პროფესიონალების აზრს ვახმოვანებდი, რომ დიდი დიღმიდან 7 კილომეტრია დიდუბის მეტრომდე ტრამვაის ხაზია გასაყვანი, რაც ძალიან განტვირთავდა, შეუმსუბუქებდა ცხოვრებას და პრობლემებს დიდ დიღმელებს. მაგრამ მაშინ, ამბობდნენ, რომ მე ვიყავი პოპულისტი და ეს იყო შეუძლებელი, კალაძე მერი რომ გახდა მერეც ამბობდა, რომ ძალიან ძვირი დაჯდება და ვერ გავაკეთებთო, მაგრამ 2022 წელს უცბად, გაიღვიძა კალაძემ, გამოვიდა და თქვა, რომ არა, თურმე პოპულისტი არ ვყოფილვარ, თქვა, რომ დიდი დიღმიდან დიდუბის მეტრომდე უნდა ავაშენოთ, 1 წელიწადში უნდა გავიყვანოთ ტრამვაის ხაზიო. გავიდა სამი წელი არანაირი ტრამვაი არ არის.
არჩევნებამდე რჩება თვენახევარი და ეს უტიფარი, ეს ბოტოქსებიანი აფერისტი გამოდის და ამბობს, ახლა ვაცხადებ ტენდერსო და ამისთვის თანხები უნდა გამოვყოო. ამით შეურაცხყოფა მიაყენა თითოეულ დიდ დიღმელს...
მართლა მოაგვარებს ტრამვაი დიდი დიღმელების პრობლემას, მაგრამ ამ პროექტს განვახორციელებთ ჩვენ და არა ის ბოტოქსებიანი აფერისტი. ამას განვახორციელებთ პირველივე დღიდან როგორც კი კალაძეს გამოვაგდებთ თავისი კაბინეტიდან და ირაკლი კუპრაძე გახდება თბილისის მერი," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად "ქართული ოცნების" წევრები "ისტერიულად აანონსებენ ახალ-ახალ პროექტებს", მათ შორის ახალი სტადიონის მშენებლობასაც, რომელიც 900 მილიონი დაჯდება, თუმცა საიდან უნდა მოიტანონ ეს ფული არ ამბობენ.