„ავარიული შენობები და წყალში გადაყრილი 80 მილიონი“ - „ძლიერი საქართველო“ კალაძეს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
თბილისში, ფიროსმანი ქუჩაზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა დღეს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საგანგებო ბრიფინგზე ავარიული შენობების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში ფიროსმანის ქუჩაზე დაპირებული რეაბილიტაცია არ განხორციელდა, რაც მისი თქმით, საფრთხის შემცველია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ელისაშვილის თქმით, 80 მილიონი ლარი, რომელიც წლების განმავლობაში ქირის დაფინანსებაზე დაიხარჯა, საკმარისი იქნებოდა 1600 ოჯახისათვის ახალი სახლების აშენებასა თუ ავარიული კორპუსების გამაგრებაზე.
მსოფლიოში ცნობილი ლეგენდარული მხატვარი ნიკო ფიროსმანი ნამდვილად ამ ქუცაზე ცხოვრობდა, იმიტომ ჰქვია ფიროსმანის ქუჩა. ცხოვრობდა და დაიღუპა ამ ქუჩაზე. როგორი ღირებული ქუჩაა შინაარსობრივად და ან თვითონ შენობები როგორია მე-19 საუკუნის ბოლო მე-20 საუკუნის არქიტექტურა. დაჰპირდა კალაძე ამ ხალხს 6 წლის წინ, რომ რეაბილიტაცია მოხდებოდა, 3 წლის წინ რეაბილიტაცია უნდა დამთავრებულიყო და შეხედეთ, აი, ესაა კალაძის რეაბილიტაცია. ხალხს თავზე ენგრევა ყველაფერი. ერთი ვაია, რომ ავარიულ სახლში ცხოვრობ და მეორე ვუია, როცა გაგიყვანენ ქირით. იმიტომ, რომ 2014 წლიდან დღემდე, 11 წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ, რომელსაც "ქართული ოცნება" ხელმძღვანელობს ნარმანიადან დაწყებული კალაძით დამთავრებული, 80 მლნ დახარჯა უკვე ბიუჯეტიდან ქირის ფულში. და არიან ოჯახები, რომლებიც 18 წელია ქირით არიან, 13 წელია, 15 წელია ქირით არიან. თან ქირა არის ხან 300 ლარი, ხან 500 ლარი. არასაკმარისი ქირაა, უნდა დაამატო აუცილებლად. 80 მლნ არად, ჯამში, არის 1600 ადამიანის პრობლემა. 1600 ოჯახს 80 მლნ-ად მოვუგვარებდი პრობლემას: ააშენებდი ახალ შენობებს ან გაამაგრებდი ამ შენობებს, მაგრამ ამას გააკეთებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში მერი, როდესაც ეყვარებოდა ქალაქი და მისთვის სულერთი არ იქნებოდა ნაქირავებ ბინებში ცხოვრობს ხალხი გაყრილი ქუჩაში, თუ ასეთ პირობებში ცხოვრობს, რომ როდის მოვა ძლიერი წვიმა და თავზე დაემხობათ შენობა, კაცისშვილმა არ იცის. ეს ერთი ეზო კი არ არის ასეთი, მთელი ფიროსმანის ქუჩა ასეა, მთელი ჩუღურეთი ასეა, მთელი ძველი თბილისი ასეა. უნდა გიყვარდეს ეს ქალაქი, რომ მოუგვარო, არაფერი მოუგვარებელი ამ ქალაქს არ აქვს, მაგრამ როცა მარტო გადარდეს ფულის მოპარვა, 8 წლის თავზე ასე გამოიყურება ისტორიული ქალაქი, ასეთი დამოკიდებულება აქვს "ქართულ ოცნებას" და განსაკუთრებით ბოტოქსებიან აფერისტ კალაძეს ასეთი დამოკიდებულება აქვს ქალაქის მიმართ.
ამას შევცვლით აუცილებლად 4 ოქტომბერს და ის 80 მლნ და დანარჩენი ფულიც, პირველ რიგში, მოხმარდება ავარიული შენობების გამაგრებას და ქირაში წლობით გადახდილი და ქუჩაში გაყვანილი ხალხის უკან, საკუთარ სახლში დაბრუნებას. ამას ვპირდებით ჩვენ, - თქვა ელისაშვილმა.