"ოცნება" ადასტურებს, რომ ზუგდიდში გდდ-ს ბაზაზე წვრთნები მიმდინარეობს

25.08.25 14:02
"ოცნება" ადასტურებს, რომ ზუგდიდში გდდ-ს ბაზაზე წვრთნები მიმდინარეობს

"ქართულმი ოცნება" ადასტურებს, რომ ზუგდიდში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე წვრთნები მიმდინარეობს. თენგიზ შარმანაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ პოლიცია "პროვოკაციის აღსაკვეთად მუდმივ მზადყოფნაში  უნდა იყოს". 

ამასთან, "ოცნების" წევრი ამტკიცებს, რომ არაფრის ეშინიათ.  

სულ შეშინებულები ვართ და მაინც ხელისუფლებაში ვართ და ვერაფერს შვრებიან. ეს შეშინებული ხალხი გეუბნებით ახლა, რომ საქართველოს პოლიცია მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს თეორიულად ყველა პროვოკაციის აღსაკვეთად. ეს შიში კი არაა, ეს არის პოლიციის ვალდებულება. ასე რომ, თუ ვიცით ჩვენ და ვიცით კიდეც, და ეს კადრები ერთხელ აჩვენეს კიდეც, თუ შენ ატრენინგებ ადამიანებს, როგორ ისროლონ მოლოტოვის კოქტეილი და როგორ გაუტეხონ თავი პოლიციელს, დარწმუნებული იყავი, რომ პოლიციაც, კანონის შესაბამისად, ივარჯიშებს, როგორ აიცილოს ეს თავიდან, - ამბობს შარმანაშვილი. 

დავით მათიკაშვილი კი ამტკიცებს, რომ წვრთნები  არჩევნებთან კავშირში არ არის. ამასთან, ივანიშვილის გუნდის წევრი საზოგადოებას პირდაპირ ეუბნება, რომ თუ ვინმე მათ წინააღმდეგ გამოსვლას გაბედავს და "ანტიკონსტიტიცურ" ქმედებას ჩაიდენს, დაუსჯელი არ დარჩება. 

ცდილობენ რადიკალები, ეს ყველაფერი მხოლოდ არჩევნებს დაუკავშირონ, იქნება ეს არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდი, შემგომი თუ არჩევნებთან არანაირ კავშირში არ მყოფი გარემოება და მოვლენა. როგორც კი ერთი, ორი ან ხუთი ადამიანი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, გასცდება კონსტიტუციის ჩარჩოებს, ბუნებრივია, რომ ის სათანადო პასუხს მიიღებს სახელმწიფოსგან და ამაში აბსოლუტურად გასაკვირი არაფერია. ძალოვან სტრუქტურაში მუდმივად გადია წვრთნებს და ნურავის ექნება იმედი, რომ ვინმეს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედება დაუსჯელი და უპასუხო დარჩება, - ამბობს მათიკაშვილი.  

ლევან მახაშვილი კი ირწმუნება, რომ მსგავის წვრთნები ჩვეულებრივი ამბავია და ამაში გასაკვირი არაფერია.  

ცოტა გაუგებარია. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პირდაპირი ფუნქცია, ემზადებიან და ვარჯიშბენ ამ ფუნქციისთვის. ხოლო, თუ გახდება საჭირო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მათ წარმატებით შეასრულონ ეს ფუნქცია. აქ რა არის ან კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებელი, ან შოკისმომგვრელი - არ მესმის. ეს ადმაიანები მუდმივ რეჟიმში ვარჯიშობენ ისევე, როგორც პოლიციელები, სამხედროები, ისევე, როგორც სხვა სპეციალური წარმომადგენლები, - ამბობს ლევან მახაშვილი. 

"პირველებს" სამეგრელოში გადაღებულ კადრებს აწვდიან, სადაც სპეცრაზმის წვრთნებია ასახული. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, ჩანაწერი ზუგდიდშია გაკეთებული.

კადრების ნახვის შემდეგ  ევროპული მომავლის მცველებს რჩებათ განცდა, რომ "ქართულ ოცნებას" ცხელი პოლიტიკური შემოდგომა აშინებს და სპეცრაზმსსს აქციების დარბევაში წვრთნის.

 

მსგავსი სიახლეები