"უვიზო მიმოსვლის დაკარგვა რეალურია" - ოპოზიცია "ოცნებას" EU-ს მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებს
შეასრულა თუ არა EU-ს ოთხი ძირითადი მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა უნდა შეუნარჩუნდეს - "ქართულ ოცნებას" ანგარიშის წარსადგენად ერთი კვირა რჩება.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ევროკავშირში უკვე სექტემბერში გააქტიურდება. ოპოზიციონერი არც იმას გამორიცხავს, რომ კონკრეტულმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზომუშაობის უფლება შეუზღუდონ.
სამწუხარო რეალობა ის არის, რომ სექტემბერში გააქტიურდება ევროკავშირში დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, იმიტომ, რომ 8 პირობა იყო დაწესებული იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა არ დაკარგოს საქართველომ და არცერთი ეს პირობა დღემდე შესრულებული არ არის. რაღაც პერიოდი დასჭირდება ამაზე მსჯელობას, მაგრამ მე ველოდები, რომ სექტემბრის ბოლოდან დაიწყება აქტიური მსჯელობა უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე. ასევე ველოდები, რომ შემოდგომაზე, მაგალითად, პოლონეთი და სხვა ქვეყნები უკვე გაუუუქმებენ საქართველოს მოქალაქეებს, მაგალითად, უვიზოდ მუშაობის, შეზღუდული დროით მუშაობის უფლებას, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" მმართველობის პირობებში უვიზო მიმოსვლის შეჩერება ძალიან რეალისტურია. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, გააკეთებენ ყველაფერს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ეს სიკეთე არ დაკარგონ. ბოკუჩავა ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლა სხვა ფორმით უნდა განხორციელდეს.
არანაირი პირობების შესრულებას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არ აპირებს, რომელიც ევროკომისიამ დაუყენა. ეს არის უტოპიური და შესაბამისად, ამაზე კონცენტრირება არის სრულიად გაუმართლებელი. უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე არის ძალიან რეალისტური და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირი ქვეყნებთან და განსაკუთრებით ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებთან, ეს არის გერმანია-საფრანგეთი-პოლონეთი, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს სიკეთე არ დაკარგონ და სხვა გამოსავალი მოვძებნოთ ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლისთვის. ეს არის დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანა შიდა წნეხის გაძლიერებასთან ერთად, რომ მოიძებნოს გარე წნეხის იმგვარი ფორმა, სადაც არ ზიანდება საქართველოს მოქალაქე, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი კი ამბობს, რომ "ოცნებამ" რუსული გზა აირჩია და ამ გზაზე მიზანმიმართულად მიდის.
"ქართულმა ოცნებამ" აირჩია რუსული გზა და ამ გზას უპირობოდ მიჰყვება. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც "ქართული ოცნებისგან" წამოვიდა, არ ემსახურებოდა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესს, იყო მიმართული რეპრესიებისკენ, იყო მიმართული ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისკენ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი გადადგამს საპასუხო ნაბიჯებს და ეს საპასუხო ნაბიჯები იქნება სწორედ ვიზების შეჩერება ქართველებისთვის, რაც არის ძალიან მძიმე ქართველი ხალხისთვის, ჩვენთვის, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
ევროკავშირმა 2025 წლის ივლისში საქართველო ოფიციალურად გააფრთხილა, რომ თუ ქვეყანა არ შეასრულებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, შეიძლება ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერის მექანიზმი.
ამ ეტაპზე პროცესის საბოლოო შეფასება დაგეგმილია 2025 წლის ოქტომბერში, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ფორმალურად შეიკრიბებიან და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.