სუსი-ს უფროსის მოსმენა გადაიდო - პარლამენტის თავმჯდომარემ პირობა არ შეასრულა

12.10.21 14:25
სუსი-ს უფროსის მოსმენა გადაიდო - პარლამენტის თავმჯდომარემ პირობა არ შეასრულა

კახა კუჭავა პირობას არღვევს - მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით სუსი-ს უფროსის დაბარებას და სხდომის მოწვევას პარლამენტის თავმჯდომარე აღარ აპირებს.

მაშინ, როცა მედიაში უკანონო მოსმენების შესახებ სკანდალმა იფეთქა, პარლამენტის სპიკერი ირწმუნებოდა, რომ საკანონმდებლო ორგანო დებატებს გამართავდა. დღეს კი კუჭავამ პოზიცია შეცვალა და გამოძიების დასრულებას ელოდება.

ფრაქცია ,,ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარეს შეახსენა მისი პირობა, რომ სუსი-ს უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, საპარლამენტო მოსმენებზე დაიბარებდნენ.

თქვენ დაგვპირდით, ბატონო თავმჯდომარევ, რომ რაც შეეხდებოდა მოსმენების თემას, ჩვენს ქვეყანაში რომ უკანონოდ უსმენენ ათასობით და ათი ათასობით ადამიანს, ამაზე ჩვენ გვექნებოდა პარლამენტში სუსი-ს ხელმძღვანელის მოსმენის შესაძლებლობა. პირველ რიგში მაინტერესებს, აპირებთ თუ არა ამ დანაპირების შესრულებას, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს სალომე სამადაშვილმა.

კახა კუჭავას განმარტებით, არც ერთ კითხვაზე პასუხი არ დარჩება გაუცემელი. რაც შეეხება ლილუაშვილის დაბარებას, ამას გამოძიების დასრულების შემდეგ აპირებენ.

არც ერთ კითხვაზე პასუხი არ დარჩება გაუცემელი. აუცილებელია, თითოეული კითხვა, რომელიც შესაძლებელი, რომ გაჩნდეს, პირველ რიგში ვგულისხმობდი, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, ჩვენ აქ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა აუცილებელია, რომ გამოძიების სანდოობა იყოს მაღალ დონეზე, თუ რამე დამატებითი კითხვა გაჩნდება, აქ აუცილებლად უნდა ჩატარდეს მოსმენა და ნებისმიერი ბერკეტი უნდა იქნეს გამოყენებული - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციის შეფასებით, კახა კუჭავას არ აქვს გამბედაობა, სუსი-ს უფროსი პარლამენტში დაიბაროს და მოსმენების სკანდალზე მას პასუხი მოსთხოვოს.

მსგავსი სიახლეები