გეგელია: „ქართული ოცნება“ ყველა ფრონტზე უნდა დავამარცხოთ
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ევროსაბჭოს სამართლის ექსპერტთა საბჭოს დასკვნა „აგენტების კანონს“ ევროპულ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში აყენებს და მის აღსრულებას სამოქალაქო საზოგადოებისთვის მძიმე ზიანის მიყენება შეუძლია. ამის შესახებ პოლიტიკოსმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
გეგელიას თქმით, ხელისუფლების ქმედებები ქვეყანას უვიზო რეჟიმისა და ევროსაბჭოს წევრობის დაკარგვის საფრთხეს უქმნის. პოლიტიკოსი მოქალაქეებს აქტიურობისა და პროტესტისკენ მოუწოდებს, რათა „საქართველოს წართმეული ევროპული გზა დაუბრუნდეს“.
დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროსაბჭოს სამართლის ექსპერტთა საბჭოს დასკვნა ძალიან ღიად ამბობს, რომ აგენტების კანონი არ შეესაბამება ევროპულ სულისკვეთებას და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანების უფლებების ევროპული კონვენციით გარანტირებულ არაერთ უფლებასთან. დასკვნა ღიად ამბობს, რომ არ არის ცხადი და მეტიც, გაუგებარია ამ კანონის საჭიროება და მიზნობრიობა.
დასკვნა აგრეთვე ამბობს, რომ კანონის აღსრულება გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და შეუსაბამო იქნება ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ აღებულ ისტორიულ, სამართლერივ და მორალურ ვალდებულებებთან.
ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლოვდება 30 აგვისტო და ვხედავთ იმასაც, რომ ანტიქართული ოცნების რეჟიმი არაფერს აკეთებს ევროპული კომისიის დასკვნის შესასრულებლად, რაც უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი. ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგოს ევროსაბჭოს წევრობა. ამავე დროს, ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ და მილიონობით ქართველმა დაკარგის უვიზოდ მიმოსვლის უნიკალური კომფორტი და პრივილეგია. ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს არ ჰქონდეს გამართული ინსტიტუტები, რეალური მშვიდობა და ნამდვილი კეთილდღეობა.
ეს არის ყველაზე ნათელი დასტური იმისა, თუ რატომ უნდა გამოვიდეს ქართველი ხალხი და გამოიყენოს ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რაც არის ჩვენს ხელთ, იქნება ეს მოახლოებული არჩევნები, პროტესტი თუ ჩვენ ხმის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" ბოროტმოქმედი რეჟიმი დაზარალდეს, დაბეჩავდეს და დამარცხდეს უკლებლივ ყველა შესაძლო ფრონტზე.
ამისთვის ჩვენ, "ძლიერი საქართველო" ვაგრძელებთ ბრძოლას, ვართ შესული ძალიან აქტიურ კამპანიაში იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები, დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა გულანთებულ ქართველს, ყველა პატრიოტს, მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული სახელმწიფო და ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული პროევროპული კურსის შენარჩუნება, მოვუწოდო აქტიურობისკენ, ბრძოლისკენ და რასაკვირველია, პროტესტისკენ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო, დავუბრუნოთ ჩვენს სახელმწიფოს წართმეული ევროპული გზა და შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელიც რეალურ მშვიდობას, რეალურ კეთილდღეობას და ძლიერ ქართულ სახელმწიფოებრიობას გულისხმობს, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.