ხიდაშელი NGO-ების ანგარიშების დაყადაღებაზე: „ასეთი რეპრესიები საბჭოთა კავშირშიც კი აღარ ხდებოდა“

27.08.25 13:16
ხიდაშელი NGO-ების ანგარიშების დაყადაღებაზე: „ასეთი რეპრესიები საბჭოთა კავშირშიც კი აღარ ხდებოდა“

"სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ მიზეზები, რის გამოც არასამთავრობოებს ანგარიშები დაუყადაღეს, აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია. მისი თქმით, პროკურატურის არგუმენტი, თითქოს ადვოკატის მომსახურება „საბოტაჟია“, უკავშირდება რეპრესიებს, რომლებიც საბჭოთა კავშირშიც კი აღარ ხდებოდა.

შავით თეთრზე წერია, რომ ადვოკატის მომსახურება თურმე არის საბოტაჟი და ამის გამო სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრა, ეს არის მოვლენა, რომელიც 30-იან წლებში "ტროიკები" რომ ხოცავდა ხალხს, იქვე ადგილზე რომ გამოჰქონდათ განაჩენი და გადაწყვეტილება ადვოკატის და სასამართლოს გარეშე, იმის მერე საბჭოთა კავშირშიც კი აღარ მომხდარა. საბჭოთა კავშირშიც კი ამ წესებს ფორმალურად იცავდნენ. ეს არის საქართველო, რომლისკენაც ბიძინა ივანიშვილს მიჰყავს ქვეყანა და ამას იწონებს, ტაშს უკრავს, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ ყოველ დღე ისეთი ამბები ხდება, რომელმაც, წესით, ოდნავ ნორამულორბასთან მყოფ ადამიანს უნდა გაუჩინოს კითხვის ნიშნები საკუთარი პოლიტიკური ლოიალურობის შესახებ, მაგრამ დემონების ქვეშ ვართ, როგორც ჩანს, - ამბობს თინა ხიდაშელი. 

7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო - თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.

 პროკურატურის განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ:

 აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. კერძოდ, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“-ს , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს , ა(ა)იპ „საფარი“-ს , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის - სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს.

მსგავსი სიახლეები