„მესამე სექტორის დევნა ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციის გზაა“ - დათუნაშვილი
მესამე სექტორის მიმართ დევნას აღვიქვამთ როგორც საქართველოში დემოკრატიის დასამარების მცდელობას, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ენჯეობის ანგარიშების დაყადაღების ფაქტს. მისი თქმით, ხელისუფლება პარტნიორების რჩევების საპირისპიროდ მოქმედებს, რაც ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის რეალურ საფრთხეს უქმნის და მესამე სექტორის დევნის გზით ცდილობს ძალაუფლების ავტორიტარულ კონსოლიდაციას.
ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე რეალურად უდგება ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორების რჩევების აბსოლუტურად საწინააღმდეგოს აკეთებს "ქართული ოცნება". ჩვენ, "ძლიერი საქართველო -ლელოს" პოლიტიკური გუნდი ვგმობთ ამ ფაქტს. მესამე სექტორის მიმართ დევნას აღვიქვამთ როგორც საქართველოში დემოკრატიის დასამარების მცდელობას, როგორც მდელობას, რომ სახელმწიფო ძალაუფლების კონსოლიდაცია ავტორიტარული გზით საბოლოოდ გაფორმდეს "ქართული ოცნების" პირობებში, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო - თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
- არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.
პროკურატურის განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ:
აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. კერძოდ, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“-ს , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს , ა(ა)იპ „საფარი“-ს , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის - სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.