Amnesty International 7 NGO-ს დაყადაღებაზე:"ოცნება" თავისი მოსახლეობის ადამიანის უფლებებს თავად უწყობს საბოტაჟს - რეპრესიები უნდა შეწყდეს
Amnesty International საქართველოში არასამთავრობოების ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება და წერს, რომ "საქართველოს ხელისუფლება თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს თავად უწყობს საბოტაჟს".
გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაცია ხაზგასმით წერს, რომ "ოცნების" მხრიდან რეპრესიები უნდა შეწყდეს.
"საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე ვიწროვდება. ხელისუფლებამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები გაყინა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა „საბოტაჟისთვის“, ბრალდებით, რომ მათ მომიტინგეებისთვის დამცავი აღჭურვილობა დააფინანსეს. წინა საქმეებისგან განსხვავებით, ამან შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების დაპატიმრება გამოიწვიოს.
დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების „საბოტაჟის მომწყობებად“ მოხსენიებით, ხელისუფლება ხელს უშლის მათ საქმიანობას და საშიშ გზავნილს უგზავნის სხვა პირებს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ.
ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობის შელახვით, საქართველოს ხელისუფლება თავად უწყობს საბოტაჟს თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებების ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს", -ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.