ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ,,ოცნება" დროის გადაგორებას ცდილობს - ოპოზიცია
დაპირისპირება პარლამენტში - ოპოზიციის მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოში გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კვლავ დააიგნორა, რასაც ხელისუფლების ოპონენტთა ხმაური და პროტესტი მოჰყვა.
ოპოზიციას მოსმენების სკანდალის ობიექტური გამოძიებაის მოლოდინი არ აქვს.
,,ლელოს" ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის, შეფასებით, როცა კრიზისული სიტუაცია დგება, მმართველი გუნდი დროის გადაგორებას ცდილობს.
,,ოცნებას" მართვის ერთი ტაქტიკა ახასიათებს, ესაა გადაგორების ტაქტიკა. ერთი კრიზისიდან მეორემდე მიაგორონ საკუთარი თავი და ქვეყანა. როცა მწვავედ დგას საკითხი, მოიგონებენ ათას რაღაცას, ამიტომაც დასვა დღეს ბიუროს სხდომაზე ,,ლელომ" ლილუაშვილის დაბარების საკითხი მწვავედ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, რომან გოცირიძის, პროგნოზით, სუსი-დან გამოჟონილი ფაილების საკითხზე ხელისუფლებას მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა.
ხელისუფლების მიზანი იყო ამ საკითხის მიჩუმათება, ჩაფარცხვა, აქტუალობის დაკარგვა, მაგრამ ეს არ მოხდება არასდროს. ეს უკანონო მოსმენები წარმოუდგენელია, ადრე თუ გვიან არ იყოს გამოძიებული. ძალიან ბევრი ვინმე დაისჯება. არც პარლამენტის თავმჯდომარეს ეკითხება ვინმე, არც პრეზიდენტს, არც მთავრობას, გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი. იმ ერთ კაცს საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური და პოლიტიკური სანქციები ახლოსაა - ამბობს რომან გოცირიძე.
ფაილების სკანდალზე მმართველმა გუნდმა სუსი-ს უფროსის პარლამენტში დაბარება გადაიფიქრა. პირობა დაარღვია პარლამენტის თავმჯდომარემაც. კახა კუჭავა, რომლიც საკანონმდებლო ორგანოში სუსი-ს უფროსის დაბარებას და სხდომის მოწვევას აანონსებდა, დღეს ამის აუცილებლობას ვეღარ ხედავს.