ექსკლუზივი: ბრიტანეთის მინისტრი სტივენ დაუთი თბილისში იმყოფებოდა, თუმცა "ოცნების" ლიდერებს არ შეხვდა
დიდი ბრიტანეთის მინისტრი აშშ-სა და ევროპის საკითხებში თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა. "ტვ პირველის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, კვირის დასაწყისში საქართველოში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გუნდის გავლენიანი წევრი, სტივენ დაუთი ეწვია.
დაუთი საქართველოში ტრანზიტული ვიზიტით იყო ჩამოსული, ის სომხეთსა და აზერბაიჯანში გეგმავს ჩასვლას. ბრიტანელი მაღალჩინოსანი თბილისში ერთი დღე გაჩერდა, თუმცა ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში მინისტრი „ქართული ოცნების“ არცერთ ლიდერს არ შეხვედრია.
ინფორმაციას "პირველებს" დიდი ბრიტანეთის საელჩოც უდასტურებს, რომელიც ამბობს, რომ მინისტრს ჰქონდა შეხვედრა საელჩოს წარმომადგენლებთან, რომლებთანაც, სავარაუდოდ, საუბარი საქართველოში მიმდინარე პრიცესებს შეეხო.
"პირველები" შეეცადა გაერკვია, ეცადა თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანელ მარალჩინოსანთან შეხვედრა დაეგეგმა. საგარეო უწყება იტყობინება, რომ ბრიტანელ მინისტრს მიმართვა არ გაუკეთებია და "ოცნების" წევრებთან შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამს.
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი საქართველოში ჩამოვიდა 25 აგვისტოს, გვიან ღამით, რამდენიმე საათით, ტრანზიტული მგზავრობისთვის, შესაბამისად, მასთან ფორმალური ხასიათის შეხვედრის შესაძლებლობა არ ყოფილა და არც ოფიციალური მომართვა არ ყოფილა, - აცხადებს საგარეო უწყება.