გეგელია: ის რომ ბრიტანელი მინისტრი "ოცნების" არაღიარებულ რეჟიმს არ ხვდება, საუკეთესო დასტურია, რომ არავითარი ლეგიტიმაცია რუსულ რეჟიმს არ გააჩნია

28.08.25 17:45
გეგელია: ის რომ ბრიტანელი მინისტრი "ოცნების" არაღიარებულ რეჟიმს არ ხვდება, საუკეთესო დასტურია, რომ არავითარი ლეგიტიმაცია რუსულ რეჟიმს არ გააჩნია

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია დიდი ბრიტანეთის მინისტრის, სტივენ დაუთის ვიზიტს ეხმაურება. მისი თქმით, ფაქტი, რომ ბრიტანელი მინისტრი "ქართული ოცნების" გუნდის წევრებს არ შეხვედრია ადასტურებს, რომ "რუსულ რეჟიმს არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია".

მისი თქმით, სტივენ დაუთის არანაირი სურვილი არ გააჩნია "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრთან "თუნდაც რაიმე ფორმალური საუბარი აწარმოოს". გრიგოლ გეგელია აღნშნავს, რომ "ოცნების" წევრებს "არ ადარდებთ არც ქართული საგარეო პოლიტიკა, არც ის რომ მათ არავინ არ ესაუბრება".

ის, რომ ბრიტანელი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, სახელმწიფო მინისტრი სტუმრობს საქართველოს, მაგრამ არ ხვდება "ოცნების" არაღიარებულ რეჟიმს, არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ არავითარი ლეგიტიმაცია ამ ჰიბრიდულ, რუსულ რეჟიმს არ გააჩნია. "ქოცებს" არ ადარდებთ არც ქართული საგარეო პოლიტიკა, არც ის რომ მათ არავინ არ ესაუბრება. ისინი ასრულებენ რუსულ დავალებას და არიან თხემით ტერფამდე ჩართული რუსეთის საგარეოს შემუშავებული სქემის განხორციელებაში. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას, რომ ე.წ. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი რომ უწოდა სწორედ ბატონმა დაუთიმ, არავითარი სურვილი არ გააჩნია, რომ ამ პირთან თუნდაც რაიმე ფორმალური საუბარი აწარმოოს," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, სტივენ დაუთი საქართველოში ორშაბათს ჩამოვიდა. ქვეყანაში ის ტრანზიტულად იმყოფებოდა, რადგან მას სამხრეთ კავკასიური ტურნე აქვს. 

ის ვიზიტის დროს დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. 

მსგავსი სიახლეები