3 დღე "ოცნებისთვის" მიცემული ვადის ამოწურვამდე - ევროკავშირი ივანიშვილის გუნდისგან ნაბიჯებს ელოდება
სამი დღე და მხოლოდ შეუსრულებელი პირობები - ევროკომისია "ქართულ ოცნებას" ელოდება, რომ 31 აგვისტომდე ანუ დათქმული ვადის ამოწურვამდე, რეკომენდაციები შეასრულოს. ბრიუსელი ჯერ კიდევ აძლევს შანსს ივანიშვილის გუნდს, რომ გაითვალისწინოს პირობები, რომელიც ქვეყანას უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისთვის სჭირდება. "ევროსკოპის" კითხვაზე, ევროკომისიის პრესსპიკერი, მარკუს ლამერტი პასუხობს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული ვიზალიბერალიზაციის ბედი. ხვალ საგარეო მინისტრების არაფორმალური შეხვედრა შედგება, არ არის გამორიცხული დღის წესრიგის მიუხედავად, საქართველოზეც იმსჯელონ.
თუ "ქართული ოცნება" დემოკრატიის გზას არ დაუბრუნდება, უვიზო მიმოსვლა არ იქნება ერთადერთი დანაკარგი. თუ არ იქნება თავისუფალი მიმოსვლა, საქართველოს მოქალაქეები ვეღარ ჩავლენ ევროკავშირში დაბრკოლების გარეშე, ვრ მიიღებენ სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას, ამ შესაძლებლობებს დავკარგავთ, მაგრამ შესაძლოა ქვეყანამ თავისუფალი ვაჭრობაც დაკარგოს. ასოცირების შეთანხმების გადახედვის შემთხვევაში, გადაიხედება ვაჭრობაც და ეს რისკი რეალურია.
რას ნიშნავს თავისუფალი ვაჭრობის დაკარგვა? - ეს არის შეთანხმება, რომლის წყალობითაც საქართველოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ექსპორტი ბარიერების და ტარიფების გარეშე აქვს. ეს კი სულ უფრო მეტი ბიზნესისთვის არის შანსი, საკუთარი პროდუქტი ევროპაში გაიტანოს, ეს ქართული ეკონომიკისთვისაც დიდი შედეგის მომტანია, შესაბამისად თავისუფალი ვაჭრობის გაუქმება ეკონომიკაზე დარტყმასაც უტოლდება.