"რუსთავი 2-ის" საქმე - სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ,,რუსთავი 2"-ის საქმეზე პროცესი იმართება. რუსთავი 2-ის საქმეზე დავა შესაძლოა, დღე დასრულდეს. დღესვე გაირკვევა, დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე ,,რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის, სარჩელს და გადასცემს თუ არა მათ ტელეკომპანიის 60%-იან წილს.
"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებს დღევანდელ პროცესზე მოლოდინი აქვთ, რომ მათი სიმართლე დამტკიცდება და კუთვნილ წილებს დაიბრუნებენ.
მოლოდინი გვაქვს ოპტიმისტური მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ დარწმუნებული, სასამართლო რამდენად მიუკერძოებელი იქნება, ჩვენ წარვადგინეთ ყველანაირი მტკიცებულება იმის, რომ გარიგება იყო უსამართლო და ზეწოლის ქვეშ მოხდა, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება დღევანდელი პროცესი, ჩვენ ამ საქმეს მივყვებით აუცილებლად, ბოლომდე", - ამბობს დავით დვალი.
დამფუძნებლების ადვოკატის თქმით, საქმეზე იმაზე მეტი მტკიცებულება არსებობს, ვიდრე ეს ქიბარ ხალვაშს 2015 წელს ჰქონდა.
ამ საქმეში საკმარისზე მეტი მტკიცებულება, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს, ბევრად მეტი, ვიდრე იყო 2015 წელს ქიბარ ხალვაშის სარჩელის დროს. ვითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ კონტექსტს, რაც ქვეყანაში არის და მოცემულობას, რომ ეს არის მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სენსიტიურობის საქმე და ამ ტიპის საქმეებზე სასამართლოები სამწუხაროდ აგრძელებენ სახელისუფლებო დაკვეთის შესრულებას", - ამბობს კახა კოჟორიძე.
"რუსთავი2-ის" ამჟამინდელი დირექტორი, პაატა სალია, ამბობს, რომ საქმე ხანდაზმულია და დამფუძნებლების სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება.
სარჩელი არის ხანდაზმული და რაც არ უნდა ფაქტებით დასტურდებოდეს, რომ იძულებას ჰქონდა ადგილი, მოცემულ ეტაპზე ამ სახით სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება", - ამბობს პაატა სალია.
შეგახსენებთ, ,,რუსთავი 2"-ის წილები რამდენიმე თვეა, დაყადაღებულია. დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის წილები იძულებით დაათმობინა. იმავე წელს ტელეკომპანიის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში, რომელიც ირწმუნება, რომ „რუსთავი 2“ იძულებით შეაძენინეს და 2006 წელსაც იძულებით დაათმობინეს. ქიბარ ხალვაში ამტკიცებს, რომ მან წილები კანონიერად მოიპოვა.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2019 წლის ზაფხულში კვლავ დაირეგისტრირა. მას შემდეგ, რაც 18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი, საქართველოში აღსრულდა ხალვაშის სასარგებლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება.