შიმშილობის მე-13-ე დღე - რუსთავის ციხესთან მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ
შიმშილობის 312 საათი და უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები - რუსთავის მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტია მოთავსებული, ჟურნალისტებს არ უშვებენ. დილიდან იქ უსაფრთხოების სამსახურია მობილიზებული. დაცვის თანამშრომლების განმარტებით, შიდა პერიმეტრზე ფოტო და ვიდეო გადაღებაა აკრძალული, თუმცა ამ დრომდე მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და ციხის მიმდებარედ მედიის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე ექსპრეზიდენტთან ამ დრომდე არ უშვებენ მის პირად ექიმს. მიზეზი გაუგებარია მკურნალი ექიმისთვისაც.
პრობლემა არ მქონდა პირველ დღეებში, როცა მინდოდა, მაშინ შევდიოდი. მქონდა მაშინ საშვი, ერთადერთი იყო, რომ პისიარის ტესტი უნდა გამეკეთებინა და მორჩა. ძალიან ადვილად შევდიოდი, მაგრამ რატომღაც გუშინ და დღეს არ ხერხდება ეს. ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ, რომ რაც ადვოკატებმა თქვეს, მე ვთვლი, რომ აუცილებელია ჩემი შესვლა ციხეში. სანამ მე თვითონ არ ვნახავ შეშუპებას, იმიტომ, რომ შეშუპება შეიძლება, სხვადასხვანაირი იყოს, სხვადასხვა ეთიოლოგიის, არ ვიცი სისხლის ანალიზი, მე არ მინახავს სისხლის ანალიზის ბოლო. ასე რომ, ძალიან რთულია ზეპირად ლაპარაკი, რა შეიძლება მოხდეს, ან რა უნდა ვქნათ, - ამბობს ნიკოლოზ ყოფშიძე.
ოჯახი ექიმების ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომლებიც პენიტენიცურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას სისტემატიურად დააკვირდებიან.
შევიდეს სხვა ჯგუფიც, ერთად შევიდნენ, კოლეგები არიან, ერთად დასხდებიან, იმსჯელებენ, მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ კარგია, - ამბობს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია.
უკვე მეორე დღეა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა-რუსთავის ციხის პატიმარ მიხეილ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება, საუბარი და დარღვეული აქვს მოტორიკა -პენიტენციური სამსახური პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების ფაქტს ფაქტობრივად ადასტურებს და ჯანდაცვის მინისტრს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოიყოფის მოთხოვნით მიმართავს.