საგარეო ამტკიცებს, რომ ევროკომისიას პასუხი გასცა, შინაარსს ასაიდუმლოებს - რა იქნება შემდეგ?
დანიაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც, როგორც მოსალოდნელია, არაოფიციალურად იმსჯელებენ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე. მოლაპარაკებების მაგიდასთან ამჯერად უკრაინისა და მოლდოვას წარმომადგენლები იმყოფებიან, თუმცა საქართველოს დელეგაცია ადგილზე არ არის.
"ქართულმა ოცნებამ" დათქმულ ვადაში არ შეასრულა ევროკავშირის მიერ გაწერილი რეკომენდაციები. ამ ეტაპზე არ განხორციელებულა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "პირველებთან" მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. უწყება ამტკიცებს, რომ ევროკომისიას ანგარიში გუშინ დადგენილ ვადაში მიეწოდა, თუმცა პასუხის შინაარსს არ აკონკრტეტებს.
გუშინ დადგენილ ვადაში მოეწოდა ევროკომისიას ანგარიში, - აცხადებენ უწყებაში.
"სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი "ოცნება" მოუწოდებს, გამოაქვეყნოს დოკუმენტი, რომელიც მათ ბრიუსელს გაუგზავნეს.
მე არ მაქვს მოლოდინი, რომ რამეს ფინდამენტურად შეცვლის "ქართული ოცნება". ჩემი აზრით, რაც უნდა მათგან მოვითხოვეთ, დღეს, ხვალ, ამ დღეებში, თქვენ, მედიას, როცა შესაძლებლობა გექნებათ, მათ კითხვები დაუსვათ, ჩვენ საჯარო სივრციდან, არის ეს, ერთადერთი რამ: გამოაქვეყნეთ! ნუ უმალავთ, წააკითხეთ ქართველ ხალხს ის დოკუმენტი, რომელიც გაუგზავნეს ბრიუსელს და იქ ყველაფერი გამოჩნდება.
იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ მოხდება საქართველოსთან მიმართებაში და საკმარისი რაოდენობის სახელმწიფოები აღმოჩნდებიან ევროკავშირში, ვინც წინააღმდეგ მისცემენ ხმას, - ამბობს ხიდაშელი.
ყოფილი დიპლომატები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის გადაწყვეტი შემოდგომა იქნება. გიგი გიგიაძის თქმით, გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკავშირში, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში იქნება მიღებული.
დღევანდელი დღის შემდეგ უკვე ევროკავშირი დაიწყებს სერიოზულად ფიქრს იმაზე, თუ რა ფორმით უპასუხოს იმ უმოქმედობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" მხრიდან. უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, მოხდება საკითხის ინიცირება არაევროკავშირის კომისიის, ევროკავშირის კომისიის ან ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის მიერ და მოხდება ამ საკითხის განხილვა, გატანა შესაბამის სხდომაზე, დიდი ალბათობით, საგარეო საქმეთა მინისტრების ფარგლებში, შემდეგ მოხდება საკითხთზე შეჯამება, შეჯერება და დაახლოებით წლის ბოლოსთვის, ალბათ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემრის დასაწყისში უკვე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, - ამბობს გიგიაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ "ოცნებისთვის" მიცემული ვადა გუშინ ამოიწურა. სასწორზე ქართველების ყველაზე დიდი მონაპოვარი, ვიზალიბერალიზაცია დევს.
"ქართულ ოცნებას" 31 აგვისტომდე 4 ძირითადი მოთხოვნა ჰქონდა შესასრულებელი. საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პოლიტპაატიმრების გათავისუფლებაზე, სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტასა და პოლიტიკურ დიალოგზე ოპონენტებთან.