მდინარაძე და ოხანაშვილი ერთი ჩამოსხმაა - ალეკო ელისაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ სუსის უფროსის პოსტზე ოხანაშვილის მდირანარაძით შეცვლით, რეალურად, არაფერი იცვლება. მისი თქმით, არცერთი არაა პროფესიონალი მზვერავი, თუმცა ივანიშვილის ერთგულები და ყველაფრის მკადრებლები ნამდვილად არიან.
პროფესიონალი მზვერავი და უშიშროების თანამშრომელი არც მდინარაძეა და არც ოხანაშვილი, მაგრამ ძაღლივით ერთგული ბიძინა ივანიშვილის და ნებისმიერი რამის მკადრებელი და შემსრულებელი ორივეა. ფაქტია, რომ ეს შიდა დაპირისპირების შედეგია, თორემ ზუსტად რა დაუწუნეს ოხანაშვილს და რამოუწონეს მდინარაძეს, ვერაფრით ვხვდები, იმიტომ, რომ ერთი ჩამოსხმაა ორივე. ცერბერები არიან ორივე ივანიშვილის და ყველაფრის მკადრებლები, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც შიგნით არიან დაპირისპირებული და სიმართლე გითხრათ, არც დიდად გარკვევის სურვილი მაქვს, რატომ არიან დაპირისპირებულები ან რატომ დაბრალეს ოხანაშვილი. კისერიც უტეხიათ, - ამბობს ელისაშვილი.
პარლამენტი ანრი ოხანაშვილის გაშვების პროცედურას ოფიციალურად იწყებს. ვადაზე ადრე დათხოვნილი სუსის უფროსის საკითხზე დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, უკვე ხვალ კი ამ საკითხს კენჭს საშემოდგომო სესიაზე უყრიან.
სავარაუდოდ, ამ კვირაშივე აირჩევენ "ოცნების" დეპუტატები სუსის ახალ უფროსს მამუკა მდინარაძეს.