"საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცინიზმის მწვერვალია" - გეგელია
"საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცინიზმის მწვერვალია" - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია ბოჭორიშვილის უწყების განმარტებას, რომ მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით ბრიუსელში ანგარიში გააგზავნეს. მისი თქმით, შეუძლებელია ანგარიშის გაგზავნა იმ პირობებში, როდესაც არცერთი პუნქტი შესრულებული არ არის.
იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს არცერთი რეფორმის მიმართულებით, რითაც მან პირდაპირი რისკის ქვეშ დააყენა უვიზო რეჟიმის დაკარგვა, ასეთ ვითარებაში ცინიზმის მწვერვალია, როდესაც საგარეო სამინისტრო ამბობს, რომ თურმე მათ გაგზავნეს ესა თუ ის ანგარიში ევროპულ კავშირში. წარმოუდგენელია, გაგზავნო ანგარიში, როდესაც არაფერი გაგიკეთებია. ანგარიში, სავარაუდოდ, არის ცარიელი ფურცლების ერთობლიობა, ისეთივე ცარიელი და უშინაარსო, როგორიც არის "ქართული ოცნების" მომაკვდავი რეჟიმი, - ამბობს გეგელია.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ "ოცნებისთვის" მიცემული ვადა გუშინ ამოიწურა. სასწორზე ქართველების ყველაზე დიდი მონაპოვარი, ვიზალიბერალიზაცია დევს.
"ქართულ ოცნებას" 31 აგვისტომდე 4 ძირითადი მოთხოვნა ჰქონდა შესასრულებელი. საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პოლიტპაატიმრების გათავისუფლებაზე, სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტასა და პოლიტიკურ დიალოგზე ოპონენტებთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "პირველებთან" მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. უწყება ამტკიცებს, რომ ევროკომისიას ანგარიში გუშინ დადგენილ ვადაში მიეწოდა, თუმცა პასუხის შინაარსს არ აკონკრტეტებს.