სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სააკაშვილი მისმა პირადმა ექიმმა მოინახულოს - ადვოკატები
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები საპატიმროში მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის შეშვებას ითხოვენ. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, პირადი ექიმი კი მისი თანმდევი დაავადებების შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს. უფლებადამცველი ამბობს, რომ თუ მსჯავრდებულთან მის მკურნალ ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, არ შეუშვებენ, ეს ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა იქნება.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება და ეს ლოგიკურიცაა, მომდევნო დღეებში კიდევ გაუარესდება ალბათ. ამ პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ პირადმა ექიმმა ისაუბრა მის დაავადებებზე, შესაბამისად, მას აქვს სრული ინფორმაცია მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და უპრიანია, რომ მას ჰქონდეს სამედიცინო სერვისის გაწევის შესაძლებლობა. გამორიცხული არაფერია, იმიტომ რომ კარგად ვიცით, როგორ იქცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. შეიძლება, საერთოდ არ მისცენ ნებართვა, თუმცა ცხადია, ეს იქნება ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც პატიმარი შიმშილობს, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
უკვე მეორე დღეა, მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს საპატიმროში შესვლისა და მსჯავრდებულის მონახულების უფლებას არ აძლევენ.