ხვედელიანი: მერია ელოდება ვიღაცის უბედურებას, რომ სხვას უფასო სასადილოზე წვდომა მისცეს
„სოციალურად დაუცველთა რიცხვი იზრდება, მაგრამ უფასო სასადილოების კვოტები უცვლელი რჩება,“ – ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრმა ტატა ხვედელიანმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ასობით თბილისელი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საკვები, მერიის უყურადღებობისა და მოუქნელი სისტემის გამო შიმშილის პირას რჩება. ხვედელიანის განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა კვოტების დაუყოვნებლივი გაზრდა, რაიონული ბიუჯეტების გადახედვა და ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა.
დღეს თბილისში ყველაზე მტკივნეული რეალობა გვაქვს - მაშინ, როცა სოციალურად დაუცველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, უფასო სასადილოებში - კვოტები უცვლელი რჩება.
შედეგად, ასობით თბილისელს, მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საკვები, ქალაქის მერია გამოწვევების წინაშე მარტო ტოვებს. ეს მაშინ, როდესაც თბილისის მერს არ ადარდებს ხალხის წინაშე არსებული ანგარიშვალდებულება და გვაყურებინებენ მის ყოველდღიურ მდიდრულ ცხოვრებას.მოქმედი სისტემა არ არის მხოლოდ მოუქნელი – ის სასტიკიცაა. სანამ უკვე რეგისტრირებული ბენეფიციარი არ გამოეთიშება სიას, რიგში მყოფ ადამიანს უფასო სასადილოზე წვდომა არ ეძლევა. ჩანაცვლების პროცესი კვირაობით, ზოგჯერ თვეობით იწელება, რადგან აღრიცხვა გაჭიანურებულია და ეფექტური კონტროლის მექანიზმი საერთოდ არ არსებობს.
ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ თბილისის მერია ელოდება ვიღაცის უბედურებას, რომ სხვას საკვების მიღების შანსი მიეცეს.
ეს არის თბილისის მერიის ნამდვილი პრიორიტეტები – არა ადამიანები, არამედ საკუთარი პოლიტიკური იმიჯი, კორუფციულად მოპარული ფულისა და ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნება.თუ მერმა და მერიის სამსახურმა ვერ მოიცალა საკუთარი პიარ კამპანიის მიღმა საქმიანობისთვის, ჩვენ გეტყვით რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად :
• დაუყოვნებლივ გაიზარდოს კვოტები უფასო სასადილოებში და შეიქმნას საჭიროების შესაბამისი ინფრასტრუქტურა;
• გადაიხედოს და გაიზარდოს რაიონების გამგეობების ბიუჯეტები ამ მიმართულებით;
• გაუქმდეს ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც ადამიანებს შიმშილის პირას ტოვებს.ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა მხოლოდ ნება და ადამიანების მიმართ ემპათიურობა, რომელიც ფუფუნებაზე გადართულ მერს არ გააჩნია.
სოციალური დახმარება ვერ იქნება იგივე ნიშნულზე მაშინ, როცა სიღარიბე ყოველდღიურად იზრდება.
ეს არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკის საკითხი, არამედ ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებას ეხება. იმ ღირსებას, რომელსაც “ოცნება” ჰპირდებოდა საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ისევ მოატყუა, მათ შორის საკუთარი ამომრჩეველიც, - განაცხადა ხვედელიანმა.