ევროკომისია საქართველოდან გადაგზავნილი ანგარიშის შეფასებას იწყებს
ევროკომისია საქართველოდან გადაგზავნილი ანგარიშის შეფასებას იწყებს. ბრიუსელში ადასტურებენ, რომ "ოცნების" ხელისუფლებისგან წერილი გუშინ მიიღეს.
ევროკომისიის პრესსკონფერენციაზე ევროკომისიის პრესსპიკერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ახლა ბრიუსელი "ქართული ოცნების" მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება იმისთვის, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია არ შეუჩერდეს.
მარკუს ლამერტს არ დაუკონკრეტებია რა წერია "ოცნების" მიერ გაგზავნილ დოკუმენტში. თქვა, რომ წერილის შინაარსს ახლა ეცნობიან.
გიდასტურებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მივირეთ პასუხი წერილზე, რომელიც ევროკომისიამ 14 ივნისს მათ გაუგზავნა. ახლა ჩვენ შევაფასებთ იმას, თუ რა მოგვწერეს საქართველოდან. ევროკომისია ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რაც ევროკომისიამ გაწერა თავის რეკომენდაციებში, - განაცხადა პრესკონფერენციაზე მარკუს ლამერტმა.
მათ მიერ გაგზავნილი წერილის გასაჯროებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
„ევროსკოპის“ ინფორმაციით, ევროკომისიამ მიიღო საქართველოს მიერ გაგზავნილი ანგარიში, სადაც "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ვალდებულებებს ასრულებენ და პროცესები კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში "პირველებს" უთხრეს, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას გუშინ მიეწოდა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, 31 აგვისტომდე საქართველოს უნდა გაეუქმებინა რეპრესიული კანონები, გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები, შეეწყვიტა სამოქალაქო აქტივისტების დევნა და ოპოზიციასთან პოლიტიკური დიალოგი დაეწყო. სწორედ ამ პირობებზეა დამოკიდებული ქვეყნის ყველაზე დიდი მონაპოვარი - ვიზალიბერალიზაცია.