კალაძემ თბილისობის დღესასწაული სექტემბერში გადმოწია - რას ემსახურება მერის გადაწყვეტილება

01.09.25 18:07
კალაძემ თბილისობის დღესასწაული სექტემბერში გადმოწია - რას ემსახურება მერის გადაწყვეტილება

კახა კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისობის დღესასწაული წელს ოქტომბრის ნაცვლად სექტემბერში გაიმართება. ღონისძიებას დედაქალაქი 20-21 სექტემბერს აღნიშნავს.

ოპოზიცია ამბობს, მერის მიზანია, ღონისძიება არჩევნებამდე მოაწყოს. მათი შეფასებით, კალაძემ თბილისობის თარიღი სწორედ ამ მიზეზით შეცვალა.

თბილისობა, რა თქმა უნდა, ყველა თბილისელს კარგად ახსოვს, რომ ტრადიციულად ტარდებოდა ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას. შემდეგ მოხდა გადმოწევა რატომღაც, მაგრამ ახლა სრულიად გაუგებარ რამესთან გვაქვს საქმე. იმდენი დანაშაული მიუძღვის კობახიძეს, კალაძეს და ზოგადად, ამ ქვეყნის წინაშე, რომ ამ დანაშაულზე თუ გადაცდომაზე საუბარი უკვე ღიმილისმომგვრელია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ "ოცნებამ" უკლებლივ ყველა რესურსი, რაც გააჩნია, გამოიყენოს არჩევნებისთვის, პარტიული მიზნებისთვის. ასეთი ტიპის ვირეშმაკობები სჭირდებათ იმისთვის, რომ არარ ვსაუბრობ უკვე გაყალბებაზე და სხვა მაქინაციებზე, რომ როგორმე არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიონ, - ამბობს გახარიას გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე.

გახმაურებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში დაგეგმილი ღონისძიებების ბიუჯეტი 3 მილიონ ლარს აჭარბებს. თანხის ხარჯვა კონკურსის გარეშე მოხდება. სპეციალურ განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

"ძლიერი საქართველოს" წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" ხალხის ფულს არარაციონალურად ხარჯავს და ცდილობს, თბილისობის დღესასწაულიც საკუთარ საარჩევნო კამპანიას მოარგოს. 

ჩვენი მოქალაქეების ფულს, ბიუჯეტის ფულსხარჯავენ თბილისობის დღესასწაულზე, რომელიც, ბუნებრივია, იციან, რომ ყოველ წელს იმართება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არასდროს ცხადდება ტენდერები, არ იქმნება კონკურენტული გარემო, არ ხდება ფინანსური რესურსების რაციონალური ხარჯვა. "ქართული ოცნება" ცდლობს, ეს ღონისძიებაც, რომელიც ტრადიციულია, მნიშველოვანია თბილისელებისთვის, მოარგოს საკუთარ საარჩევნო კამპანიას და ეს რესურსები დახარჯოს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ სცადოს ძალაუფლების შენარჩუნება, - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი. 

კახა კალაძე კი თბილისობის თარიღის ცვლილებაში და ტენდერის არგამოცხადებაში პრობლემას ვერ ხედავს. მერი ამტკიცებს, რომ მომღერებს ტენდერის საშუალებით ვერ შეარჩევს. 

4-ში ხომ არჩევნებია და შესაბამისად, ვერ ჩავატრებდით, ამიტომ ვაკეთებთ მანამდე. კონცერტებისთვის გვჭირდება, იმისთვის, რომ მომღერლები, რომლებიც გამოდიან და მღერიან, ხომ სჭირდებათ შესაბამისი ანაზღაურება. ტენდერით როგორ უნდა შევარჩიო მომღერალი?! სანამ მე მერი გავხდებოდი, მაშინაც ასე იყო, იმის წინაც ასე იყო, - ამბობს კალაძე.