კობახიძე გაეროში არ მიდის

01.09.25 18:19
კობახიძე გაეროში არ მიდის

"პირველების" ინფორმაციით, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ირაკლი კობახიძე არ გაემგზავრება. მის ნაცვლად "ქართული ოცნება" ნიუ-იორკში მიხეილ ყაველაშვილს გაუშვებს. 

სხდომა სექტემბრის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს საქართველოს სახელით მიმართავს. 

ოპოზიციის განცხადებით, "ქართული ოცნება" ყაველაშვილის როლის წინ წამოწევას და მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას ცდილობს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, "ოცნებას" აწუხებს ის ფაქტი, რომ დასავლეთში ყაველაშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს.

"ქართულ ოცნებას" ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ ყაველაშვილი არის დაჩაგრული ამ მიმართულებით. მას ლეგიტიმაცია არ აქვს არც ევროპაში და არც ზოგადად დასავლეთში, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ მისი წონის გაზრდას. ცხადია, ეს არ მოხდება, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ვინ არის ყაველაშვილი, ამიტომ ეს არის ერთგვარი ფარსი წარმოსაჩენი თავისივე ამომრჩევლისთვის, "ქართული ოცნებისთვის",  რომ შესძინონ ყაველაშვილს წონა," - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პეტრე ცისკარიშვილით თქმით, გაეროს სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილი იმას წაიკითხავს, რასაც დაუწერენ და ისევ "დიფ სთეითზე" და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს. 

ყაველაშვილს რომ თავის მესიჯები არ ექნება ეს გასაგებია, რა სიტყვასაც დაუწერენ იმას ჩაიკითხავს და ეგ იქნება მთელი საქართველოს მხრიდან გაჟღერებული გზავნილები მსოფლიოს გასაგონად. ისევ "დიფ სთეითზე", გლობალური ომის პარტიაზე, ანტიევროპული, ანტიღირებულებითი, რომელიც აკავშირებს და ადუღაბებს ამ დასავლურ ცივილიზაციას," - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

მსგავსი სიახლეები