"მნიშვნელოვანია, არ გახდეს სპეკულაციის საგანი" - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასაკვირვებლად ხელისუფლებამ ექიმების ჯგუფი გამოყო
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმების სპეციალური ჯგუფი დააკვირდება - აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, ამბობს, რომ ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა მესამე პრეზიდენტია, თავად მიხეილ სააკაშვილმა დაგეგმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მსჯავრდებულთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია მიეწოდოს და ,,ენმ"-ს მიერ დაგეგმილ სპეკულაციებს ადგილი არ ჰქონდეთ.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებს, რა თქმა უნდა, გავეცნობით ამ ჯგუფის ფორმატში. ახლა ინფორმაცია გვაქვს, რომ ის შიმშლობს. რა თქმა უნდა, შიმშილობას აქვს თავისი ნეგატიური გავლენა ჯანმრთელობაზე. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სირთულე და ზოგადად, პოლიტიკური სირთულე დაგეგმა თვითონ მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ ეს არის ფაქტი, ვართ იმ მოცემულობაში, სადაც ვართ და ახლა მნიშვნელოვანია ორი რამე, ერთი მის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, ის, რომ სწორი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და არ გახდეს სპეკულაციის საგანი, რაც მთავარი მიზანია „ნაციონალური მოძრაობის“ და თვითონ მიხეილ სააკაშვილის, - განაცხადა ხუნდაძემ.