დღეს და ხვალ რომ განაჩენები გამოცხადდება, კი - სხვისი ტკივილია, მაგრამ თუ მოქალაქედ ყოფნა აირჩიე, ეგ უნდა შეიმჩნო და დაინახო - გიორგი კეკელიძე
დღეს და ხვალ რომ განაჩენები გამოცხადდება, კი - სხვისი ტკივილია, სხვისი დარდი. მაგრამ თუ მოქალაქედ ყოფნა აირჩიე, ეგ უნდა შეიმჩნო და დაინახო - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე წერს.
"ცხოვრებას აქვს გარდაუვალი და შემოწმებული წესი - რაც დიდხანს გრძელდება - ჩვეულებრივდება. უცნაური ის არის, რომ ზოგჯერ ეს საშველია და ზოგჯერ - სირცხვილი.
ადამიანად ყოფნის ამოცანა, რთული და აგერ, თუნდაც ჩემგან დაუძლეველი, ეგეც არის - პირველი მიიღო და მეორეს შეებრძოლო.
პირველი საკუთარი ტკივილის გაჩვეულებრივებაა, მეორე - სხვისი და მე ასე მგონია, თუ მოქალაქედ ყოფნა გადაწყვიტე, პირველი უნდა აიტანო სწორედ და მეორე - არა.
სხვისი ჭირი სადაც ღობეს ჩხირად იქცა, ის ღობე წაიქცა.
დღეს და ხვალ რომ განაჩენები გამოცხადდება, კი - სხვისი ტკივილია, სხვისი დარდი. მაგრამ თუ მოქალაქედ ყოფნა აირჩიე, ეგ უნდა შეიმჩნო და დაინახო. გულწრფელი ვიქნები - თუნდაც საკუთარ თავზე ძალდატანებით.
რადგან, ღობე, რომელიც წაიქცევა, შენიცაა, შენც გიცავს და შენს მომავალსაც" - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
2-3 სექტემბერს რამდენიმე სინდისის პატიმრის განაჩენი გამოცხადდება:
2 სექტემბერი
- 10:30 - ანტონ ჩეჩინი
- 12:00 - 8 სინდისის პატიმარი (ირაკლი მიმინოშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ინსაფ ალიევი, ვასილ კაძელაშვილი, თორნიკე გოშაძე, გიორგი გორგაძე)
3 სექტემბერი
- 10:30 - საბა სხვიტარიძე
- 12:00 - 11 სინდისის პატიმარი ( გური მირცხულავა, ირაკლი ქერაშვილი, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, გია ტერიშვილი, ვაკო თეთრაშვილი, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, სერგეი კუხარჩუკი, რეზო კიკნაძე)
- 17:00 - ნიკა კაცია