რამდენადაც ვიცი, სააკაშვილი საკმაოდ კალორიულ კვებაზეა გადასული: თაფლი, ხილი - ირაკლი ზარქუა
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ზარქუას მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ შიმშილობს, პირიქით, იღებს კალორიულ საკვებს - თაფლს და ხილს.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის უფლებებს იცავს.
მე რამდენადაც ვიცი, საკმაოდ კალორიულ კვებაზეა გადასული, თაფლი, ხილი და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს დღეს პენიტენციური სისტემა, სადაც ყველა მსჯავრდებულის უფლება არის დაცული - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ადვოკატების განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის საპყრობილეში მეცამეტე დღეა შიმშილობს. მისი მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის, ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
ამასთან, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრემიერმა შიმშილობის საკითხზე სპეკულაცია დაიწყო, მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა ციხის ადმინსიტრაციას 4 ქილა თაფლი უკან დაუბრუნა.