დედების გეშინოდეთ! - სინდისის პატიმრების დედები ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან

02.09.25 13:16
დედების გეშინოდეთ! - სინდისის პატიმრების დედები ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან

"არ გავჩერდებით", "დედების გეშინოდეთ“, "საჭიროა ერთიანი ფრონტი" -  სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ბრძოლის ახალ ეტაპზს გადადიან.

შანსი ჰქონდა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს, რომ დღეს ისტორია დაეწერა. თურმე, მონობა ადვილია, საქართველოს სიყვარული ყოფილა რთული. ბიძინა ივანიშვილის მონები სხედან აქ. ეს პატიმრობა არის ირაკლი კობახიძის დამსახურება და ყველაზე დიდ სასჯელს მიიღებს.

ჩვენ ვიამაყებთ ჩვენი შვილებით. დღეს ისინი სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კობახიძე კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს. ბრძოლა ბოლომდე, ეს არის გამარჯვებული ბიჭების პროცესი!“ - განაცხადა თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ.

რეჟიმს ეშინოდეს დედების - ამ შეძახილით დატოვა სასამართლო ზვიად ცეცხლაძის დედამ. 

ნარგიზ დავითაძე აცხადებს, რომ "ბრძოლა უფრო უნდა გაძლიერდეს": 

ძალა ერთობაშია, ჩვენ ვერ გავჩერდებით. უფრო მეტად ძლიერები იქნებიან ჩვენი შვილები და თავისთავად, დედები. რეჟიმს ეშინოდეს დედების!

ვერ გაბედეს ბოლომდე ბიჭების გაშვება, რა უნდა უთხრან საკუთარ ამომრჩეველს, 9 თვე ტყუილად მყავდა ესენი და ვერ მივუსჯითო? ეს მათი ამომრჩევლებისთვის გააკეთეს, თორემ ბავშვები გასაშვები იყვნენ", - განაცხადა ნარგიზ დავითაძემ.

ვეფხია კასრაძის ცოლის, ელენე კროტენკო-კასრაძის განცხადებით, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან. 

ეს პროტესტი არ გაჩერდება. ჩვენ ვერ ვეგუებით ამ უსამართლობას, ამ განუკითხაობას. არ გავჩერდებით, დავასრულებთ ამ უსამართლობას"- თქვა მან. 

"ერთიანი სამოქალაქო ფრონტის" იდეით გამოვიდა პატიმრობაში მყიოფი გიორგი ჩიკვაიძის დედა. 

ეკა წერეთელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ამ იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს: "რეჟიმი უნდა წავიდეს". 

მოქალაქეები სასამართლოს ეზოს ტოვებენ შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, „დამხობა რეჟიმს”.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 სინდისი პატიმარი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა  და ისინი ძალადობისთვის ბრალდებით ციხეში გაუშვა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მსგავსი სიახლეები