პაპუაშვილმა გახარიას "ჩვეულებრივი ბოლი" და "ყოფითი მატყუარა" უწოდა

02.09.25 15:57
პაპუაშვილმა გახარიას "ჩვეულებრივი ბოლი" და "ყოფითი მატყუარა" უწოდა

 

 

გიორგი გახარია არის ჩვეულებრივი ბოლი და ყოფითი მატყუარა - ამის შესახებ  შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  გიორგი გახარია უცხო ქვეყნის "რეზიდენტია". 

პაპუაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიის 12 წევრს, რომლის უფლებამოსილებაც დღეს პარლამენტმა უნდა ცნოს, მოუწოდებს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდნენ.

  • "ქართული ოცნების" პარლამენტმა, გიორგი გახარიას პარტიის - "საქართველოსთვის" 12 წევრის დეპუტატის ადგილმონაცვლე პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ცნო. [საუბარია გიორგი შარაშიძეზე, თამარ ხვედელიანზე, სოფიო ხორგუანზე, სალომე კობალაძზე, გიგა ფარულავაზე, ვიკა ფილფანზე, რუსუდან თევზაძეზე, მალხაზ თორიაზე, შალვა კერესელიძეზე, გელა აბულაძეზე, ჯემალ ანანიძესა და ქეთევან ბაკარაძეზე].

„გიორგი გახარია იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, 2024 წლის არჩევნების შედეგად. შემდეგ უფლებამოსილება შეუწყდა, ვინაიდან, მან მანდატი არ განახორციელა, რომელიც მისმა ამომრჩევლებმა მისცეს. დღეს ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი. დღეს ის არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი. ეს არის მისი სამართლებრივი სტატუსი. ის გაექცა თავის პარტიას, გაექცა თავის ამომრჩეველს, გაიქცა ქვეყნიდან, სად გარბის, რატომ გარბის, ვერავისთვის აუხსნია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია რეზიდენტობასთან დაკავშირებით ვთქვათ, გერმანიაშიც თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი. არ ვიცი, იქ თუ აპირებს მონაწილეობას. რაც შეეხება განცხადებებს მანდატებთან დაკავშირებით, ეს მათი გადასაწყვეტია. საქართველოს პარლამენტი არ არის აწყობილი იმაზე, რადიკალური ოპოზიცია როგორ მოიქცევა. წინა მოწვევის პარლამენტშიც ვხედავდით, რომ ოპოზიცია 1 წელი შეეცადა, ეჯანჯღარებინა ქვეყანა. არაფერი გამოუვიდათ, ბოლოს შემოვიდნენ პარლამენტში. თუმცა მათ ყოფნა-არ ყოფნას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, იმიტომ, რომ თუ მოდიოდნენ, მოდიოდნენ პლენარულ სხდომაზე იმისთვის, რომ აყალ-მაყალი მოეწყოთ, ისიც თვეში ერთხელ. სხვა დანარჩენი სარგებელი არც საქართველოს პარლამენტს, არც ქართველ ხალხს, მათი პარლამენტში ყოფნისგან არ მიუღიათ. ამიტომ მათი გადასაწყვეტია რა უნდათ.

ამ 12 ადამიანს, რომლის უფლებამოსილებასაც დღეს ცნობს პარლამენტი, მათ შორს არის სახელები და გვარები, რომელსაც არ ვიცნობთ, მოვუწოდებთ, რომ დაფიქრდნენ, გაიაზრონ. მგონი, დღეს პოზიცია-ოპოზიცია თუ ყველა პოლიტიკური ძალა თუ არაპოლიტიკური ძალა ერთ რამეზე თანხმდება, იმაზე, რაც თავის დროზე ვთქვით, რომ გიორგი გახარია არის ჩვეულებრივი ბოლი. ბოლი რომ არის, მგონი, ახლა უკვე ყველა თანხმდება. ადამიანი გაიქცა, უცხო ქვეყნის რეზიდენტი გახდა და კიდევ ყელყელაობს იქიდან, რაღაცებს საუბრობს, პროექტები უნდა განვახორციელოო. არ ვიცი იქ „ენჯეოს“ თუ აფუძნებს. ადამიანი არის ჩვეულებრივი ბოლი და ყოფითი მატყუარაა. საგამოძიებო კომისიაზე ვიხილეთ, რომ 5 წუთში ადამიანის ტყუილი იყო მხილებული და ერთი წარბი და ძარღვი არ შესტოკებია. ის თავისი ყოფითი მატყუარობით ცდილობს, წარმოაჩინოს თითქოს, ახლა ზის სადღაც სხვა ქვეყანაში და დიდ გეგმებს აწყობს. სინამდვილეში ვხედავთ, რომ მერკანტილური საკითხებით, უცხო ქვეყნის რეზიდენტობისა და ბინადრობის მიღებით, ბინის ქირით და ასეთი საკითხებით არის დაკავებული. მთავარი კითხვა, რომელიც მას უნდა დავუსვათ არის ის, თუ რა ფინანსებით ცხოვრობს საზღვარგარეთ, ვინ აფინანსებს მის იქ ყოფნას - გვითხრას. გვითხრას თუ დანაზოგი აქვს და საიდან აქვს ეგ დანაზოგი, ისიც გვითხრას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის 12-მა წევრმა საქართველოს პარლამენტში მანდატებით ისარგებლოს. 

მსგავსი სიახლეები