სინდისის პატიმრების განაჩენები დღეს გახდება ცნობილი
დღეს, 3 სექტემბერს, პროევროპული აქციების ფარგლებში დაკავებულ პირთა სამ საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი 10:30 საათზე გაიმართება. დაკავებული აქტივისტი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს, რის შემდეგაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
- საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილიდან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
12:00 საათზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი კი ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმეზე საბოლოო სიტყვას მოისმენს, რის შემდეგაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
- მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, გური მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს, რუსლან სივაკოვს, სერგეი კუხარჩუკს, ლუკა ჯაბუას, გიორგი ტერიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
თამარ მჭედლიშვილს 17:00 საათზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი, ნიკუშა კაცია მიმართავს. ამის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
- ნიკა კაციას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაუს ედავებიან, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.