"პირბადეების საქმე" - გამომძიებლების კითხვებს ნინო დოლიძე პასუხობს
სასამართლოში ე.წ. პირბადეების საქმეზე გამოკითხვების სერია იწყება - გამომძიებლების კითხვებს ნინო დოლიძე პასუხობს.
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი დირექტორი, რომელიც პროკურატურამ მოწმის სტატუსით იმ უფლებადამცველებთან ერთად დაიბარა ვისაც ანგარიშები დაუბლოკეს.
დოლიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეს სამოქალაქო ორგანიზაციების დევნას უკავშირებს.
„როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ დააყადაღეს სამოქალაქო ორგანიზაციები და ერთ-ერთი არის „სამართლიანი არჩევნები“, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლდით 4 წლის განმავლობაში. საუბარია, რომ დაყადაღების მიზეზი იყო სხვადასხვა საქმიანობა, მათ შორის პირბადეების შეძენა. სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. პროკურატურამ დამიბარა და ვთხოვე, სასამართლოში დაკითხვა მერჩივნა.
ჩემს პერიოდში რაც ხდებოდა ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ქართული საქმე იყო. ჩვენს ქვეყანას ვემსახურებოდით, ვიცავდით თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ადამიანის უფლებებს. ცხადია, ამ საკითხებზე ვისაუბრებ.
ჩვენ დიდი ხანია ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს. იქნებოდა ეს დისკრედიტაციის კამპანიები, მათ შორის ჩემი ორგანიზაციის თუ ჩემს წინააღმდეგ, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, ივანიშვილის „ფარა“ და ასე შემდეგ. საკანონმდებლო ორგანოს დონეზეც ვხედავდით შევიწროების მცდელობებს. ეს არის სამოქალაქო ორგანიზაციების მორიგი დევნა, დაყადაღების შემდეგ ორგანიზაციებს გაუჭირდებათ ფუნქციონირება“,- აღნიშნა დოლიძემ“,-აღნიშნა დოლიძემ.
მისი თქმით, „სამართლიან არჩევნებს“ აქციებისთვის არასდროს არაფერი არ შეუძენია.
„პირბადეები, რომელზეც სავარაუდოდ გვედავებიან თანამშრომლებისთვის იყო თითო-ოროლა, რომელიც თქვენც გეკეთათ, როდესაც აქციებს აშუქებდით.
ჩემი თანამშრომლების უსაფრთხოება უნდა დამეცვა, ეს ადამიანები ადამიანის უფლებებს იცავდნენ, მონიტორინგს ახორციელებდნენ, ვალდებული ვიყავი როგორც დირექტორი დამეცვა მათი უფლებები, სავარაუდოდ თქვენი მედიის მფლობელებიც დაგიცავდნენ თქვენ იმის გამო, რომ გაზით არ გაგუდულიყავით"- დასძინა მან.