არსებობდა რისკი, რომ ევროკავშირის სესხი არ ჩაგვერიცხებოდა - გიორგი კაკაურიძე
ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღიარებს, რომ ევროკავშირის სესხზე ხელისუფლებამ უარი იმის გამო თქვა, რომ შესაძლოა, აღნიშნული სესხი არ ჩარიცხულიყო. ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ის ფრაქცია "ლელომ" დაიბარა. კაკაურიძის თქმით, ევროკავშირის სესხი ბიუჯეტში გათალისწინებული იყო.
10-12 მიმართულებით სხვადასხვა რეფორმა იყო ჩამოთვლილი. პუნქტობრივად რომ გავყვეთ, ყველა მათგანი შესრულებულია. დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელზეც აქაური ექსპერტები თვლიან, რომ შესრულდა ზუსტად ის, რაც ეწერა ამ ხელშეკრულებაში, თუმცა მეორე მხარე, ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ გარკვეული პირობები შესრულებული არ იყო და შინაარსობრივად არ შეიცავდა იმ რეფორმას, რომელი რეფორმაც იგულისხმებოდა. დარჩა სასამართლოს ნაწილი, რომელზეც სხვადასხვა პოზიცია იყო აქ ჩართულ მხარესა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის. ამიტომ, როცა დადგინდა, რომ ამ სესხს შეიძლებოდა ჰქონოდა პრობლემა, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომელ სესხზე გვეთქვა უარი, ვთქვათ უარი ისეთზე, რომელზეც არსებობდა რისკი რომ არ ჩაგვერიცხებოდა. ეს სესხი ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა, თუმცა ბიუჯეტი რაც გვქონდა დაგეგმილი, იმაზე ნაკლები სესხი უნდა ავიღოთ საბოლოო ჯამში, - განაცხადა კაკაურიძემ.