გიორგი ტერიშვილის დედა: მე ამაყი ვარ, ორი გმირი შვილი გავზარდე
მე ამაყი ვარ, ორი გმირი შვილი გავზარდე - ასე შეხვდა სინდისის პატიმრის, გიორგი ტერიშვილის დედა მოსამართლე გალუსტაშვილის განაჩენს.
- მარინა ტერიშვილის ერთი შვილი, მამუკა ტერიშვილი, 1992 წლის 2 თებერვალს მხედრიონელებმა დახვრიტეს, მეორეს, გიორგი ტერიშვილს, რომელიც პროევროპული აქციების დროს დააკავეს, 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამაყი ვარ, რომ ტერიშვილების დედა ვარ. ტერიშვილი მამუკას დედა ვარ, რომელიც ქართული დროშით ხელში მომიკლეს, და გიორგის დედა ვარ, [რომელსაც 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს].
მე მეამაყება, რომ ასეთი შვილები მყავს - ესენი [მოსამართლეები, პროკურორები, ქართული ოცნების წევრები] ასეთ შვილებს ვერ გაზრდია. მე ამაყად გავდივარ ქუჩაში, ყველა მესალმება, მეუბნებიან, რომ გმირი დედა ვარ - ამათ, არაფერი ეღირსებათ! ჩემი შვილის მოპოვებულ დამოუკიდებლობაზე დაზარდეს თავიანთი შვილები..."- აცხადებს სინდისის პატიმრის დედა, მარინა ტერიშვილი.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს [ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს] ბრალდება გადაუკვალიფიცირა და ისინი ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.
უფრო კონკრეტულად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდება 226-ე მუხლით შეიცვალა - ეს მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას. (სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე).
პროკურატურა ამ დრომდე სინდისის 11 პატიმარს სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებდა ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. (აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
ფოტო: მარიამ ნიკურაძე