"ღირსეული კაცია" - ირაკლი კობახიძე ლევან ხარაბაძეს იცავს
ირაკლი კობახიძე სუს-ის ახალი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის მოადგილეს ლევან ხარაბაძეს "ღირსეულ კაცს" უწოდებს.
- დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლევან ხარაბაძე “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და 2009 წელს აქტივისტების დარბევაში იღებდა მონაწილეობას.
“ლევან ხარაბაძე ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას. ბოლოს ის იყო გუბერნატორი ქვემო ქართლის მხარეში, მანამდე - შიდა ქართლის მხარეში. ის არის ძალიან ღირსეული კაცი. რაც შეეხება “ნაცებს“, “ნაცები“ თქვენკენ, თქვენი ტელევიზიისკენ მოიკითხეთ!
შეიძლება ის იყო პოლიციის ხელმძღვანელი. საპოლიციო სისტემას თავის დროზე უამრავი ადამიანი ემსახურებოდა. მაშინაც პოლიციაში 25 ათასი კაცი მუშაობდა და ამ 25 ათასი კაციდან 20 ათასზე მეტი ღირსეული კაცი იყო.
“ნაცები“ თქვენსკენ მოიკითხეთ - თქვენ მაშინაც ცუდ საქმეებს აკეთებდით და ახლაც ცუდ საქმეებს აკეთებთ!
რაც შეეხება “ნაცებს“, ეს არის თქვენს მიერ დამკვიდრებული სისხლიანი სისტემა - “ნაცებზე“ თქვენ კითხვებს ნუ სვამთ! უღირსი ნაცები ჭარბად თქვენს ტელევიზიაში არიან წარმოდგენილი და “ნაცების“ ტელევიზია “ნაცებთან“ დაკავშირებით კითხვებს არ უნდა სვამდეს“, - მიმართა ჟურნალისტს დასმული კითხვის პასუხად ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს, მამუკა მდინარაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს:
სუს-ის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. სუს-ის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.