ჯარიმა თუ პატიმრობა - სასამართლოში აქტივისტების პროცესი იწყება
დატოვებს თუ არა მოსამართლეები რუსთაველზე დაკავებულ აქტივისტებს 60-დღიან პატიმრობაში, თუ მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლება - საქალაქო სასამართლოში პროცესები იწყება.
სასამართლო დარბაზში ბრალდებულთა შორის უმრავლესობა ქალები იქნებიან. ისინი აცხადებენ, რომ ჯერ უმიზეზოდ დააკავეს, შემდეგ იზოლატორებში გაშიშვლეს და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.
ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულთა დიდი ნაწილი ნაცემია და სხეულზე დაზიანებები აღენიშნაბთ.
შუშანა მაცაბერიძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ძალადობრივ დაკავებაში უშუალოდ გოგა მემანიშვილი ფიგურირებდა, ამიტომ სასამართლოზე მის მოწმის სახით დაკითხვას მოითხოვს.
პირდაპირ ეთერში ვნახეთ არასათანადო მოპყრობა და მათ შორის დაკავება ძალის გადამეტებით. განსაკუთრებით ეს ეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ შუშანა მაცაბერიძეს. ამ დაკავების შემსრულებელი იყო გოგა მემანიშვილი. იმედია, რომ შსს თავად მოიყვანს მოწმედ გოგა მემანიშვილს და თუ შსს როგორც დამკავებელს მემანიშვილს არ დაასახელებს მოწმედ, იმიტომ, რომ ეს ხშირად მათი სტრატეგიაა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის მოწმედ დაიკითხოს, - ამბობს ადვოკატი.
კიდევ ერთი ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დაკავებულების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ ამ ჯერზე მაინც მოწმე პოლიციელები პროცესზე სიმართლეს ილაპარაკებენ.
რაც ვნახეთ საქმის მასალებში, რეალურად რაც არსებობს, ვერ იქნება ფიიზკურად მტკიცებულებები, რომელიც მათ დაუდასტურეს რაიმე ტიპის სამართალდარღვევას. ერთადერთი არის ხოლმე, როგორც ყოველთვის, პოლიციელების ჩვენება და იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესებზე მაინც მოხდება პოლიციელების მხრიდან სიმართლის და სინამდვილის გადმოცემა, რაც რეალურად ხდებოდა ადგილზე, - ამბობს ადვოკატი.
ახლა მთავარ კითხვად რჩება, მოახდენს თუ არა საგამოძიებო უწყება პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით რეაგირებას.