წულუკიანის დასკვნაში NGO-ების კრიტიკული ნაშრომები მოხვდა – ორგანიზაციები ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ

04.09.25 15:36
წულუკიანის დასკვნაში NGO-ების კრიტიკული ნაშრომები მოხვდა – ორგანიზაციები ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ

წულუკიანის კომისიის მიერ მოძიებული მასალებს შორის მოხვდა დოკუმენტები, რომლებიც მომზადებულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც დღეს „ქართული ოცნება“ გაუქმებით ემუქრება. ცნობილია, რომ კომისიამ დამხმარე წყაროდ გამოიყენა, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებული კრიტიკული ნაშრომები.

მესამე სექტორი, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს კრიტიკული ანგარიშები გამოაქვეყნეს, წულუკიანისთვის ამჯერად სანდო წყარო აღმოჩნდა. 

ასევე გამოყენებული იქნა სტატიები მედიის იმ პლატფორმებიდანაც, რომლებიც ამჟამად მმართველ პარტიას არ მოსწონს.

არასამთავრობოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წულუკიანი ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს.

„ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ ის მიიჩნევს ქარტიას და სხვა ორგანიზაციებს სანდო ორგანიზაციებად. კვლევები, რომელიც ციტირებულია დასკვნაში, განცხადებები, ქარტიის მიერ განხილული საქმე, ყველაფერი ეს ჩვენ გავაკეთეთ იგივე ადამიანებმა, ვინც ამ სექტორში ვართ ახლა. მაგალითად, ქარტიის პირველი საქმე, რომელიც ეხებოდა მოდელირებულ ქრონიკას, არის ციტირებული. მაგ დროს მე თავად ვიყავი საბჭოს წევრი და საბჭოს თავმდჯომარე იყო ეთერ თურაძე, „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი. ციტირებულია Amnesty, Humans Right Watch, Frredom house, ყველა ის ორგანიზაცია, რომლის შესახებაც ახლა ამბობენ, რომ ჩვენ თურმე ვართ მოღალატეები, აგენტები, - ამბობს მესამე სექტორის წარმომადგენელი. 

"პირველების" კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა წულუკიანისთვის მისაღები იმ ორგანიზაციების დასკვნები, რომელსაც ახლა ქვეყნის მტრებად აცხადებეს, "ოცნების" წევრები გადაჭრით ვერ პასუხობენ. 

მაშინ თუ დაწერეს და შეაფასეს სწორად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფლება ეძლევა, თანხები გახარჯოს რევოლუციის მოსაწყობად. ასე რომ "ფრიდომ ჰაუსმა" თქვა, თუ გუშინ სწორად თქვა, დღეს რატომ აკრიტიკებთ, ეს არის მცდელობა, რომ გადაფაროთ რეალობა, სადისტური მმართველობის პერიოდი, - ამბობს გია ვოლსკი. 

ირაკლი ქადაგიშვილი კი ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს არასამთავრობოები ნეიტრალურები იყვნენ და პოლიტიკაში არ ერეოდნენ.  

მაშინდელი ეს ორგანიზაციები არ იღებდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ რევოლუციების მოწყობა-ორგანიზება-დაფინანსებაში მონაწილეობას. აბსოლუტურად ნეიტრალურნი იყვნენ და ლოიალურნი იყვნენ იმ გაგებით, რომ პოლიტიკაში არ ერეოდნენ. დღეს ჩვენ საწინააღმდეგო სურათი გვაქვს, - ამბობს ქადაგიშვილი. 

მსგავსი სიახლეები