ხოშტარიას მიმართვა ხაზარაძე-ჯაფარიძეს: მიიღეთ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - გამოდით რუსული სპეცოპერაციიდან, დაუბრუნდით წინააღმდეგობრივ ბრძოლას

05.09.25 12:32
ხოშტარიას მიმართვა ხაზარაძე-ჯაფარიძეს: მიიღეთ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - გამოდით რუსული სპეცოპერაციიდან, დაუბრუნდით წინააღმდეგობრივ ბრძოლას

 

 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს შეწყალებას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება. 

ელენე ხოშტარიამ  პარტია "ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ყაველაშვილის მიერ მათი შეწყალების დღეს მიმართა და მოუწოდა, რომ არ მიიღონ მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში.

მინდა, გამოვეხმაურო ე.წ. ვითომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ბუნებრივია, ადამიანის გათავისუფლება არის სასიხარულო და ვულოცავ მათ ამას ადამიანურად და ვუსურვებ ღირსეულ თავისუფლებას ყველა სინდისის და პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც რჩება ციხეში.

ამასთანავე, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად. ეს არის ნებისმიერ ფასად "ქართული ოცნების" მცდელობა, შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი, რომელიც ასაზრდოებს ამ რეჟიმს. ამას შვრებიან ყველაფრის ფასად. 

ამასთანავე, არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩაიფიქრა "ქართულმა ოცნებამ", ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ნამდვილი ოპოზიცია და მე მინდა, მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს: მიიღეთ ერთადერთი სწორი, ქვეყნისთვის, არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, ქვეყნისთვის ერთადერთი გადაწყვეტილება, გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება გაძლიერება ამ ბრძოლის, ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება "ლელოსთვის", მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. სულმოუთქმელად ველი ამ სწორ გადაწყვეტილებას "ლელოსგან", - განაცხადა ხოშტარიამ. 

„ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.

პარტიაში ამბობენ, რომ შეწყალების მოთხოვნით პოლიტიკურ ლიდერებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ.

მსგავსი სიახლეები